გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიაში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა.

ბერნის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტი, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრი იოჰან შნაიდერ-ამანი დახვდება. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტის შეხვედრა.

პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის, რომელიც ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას აერთიანებს; ასევე, გაიმართება შვეიცარია-საქართველოს ბიზნესმიღება.

ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით, მუშაობის დაწყება მთა-თუშეთის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე. ამ მიზნით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფთან გაიმართება.

საქართველოს მთავრობის მეთაურს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კრისტა მარკვალდერი.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე, ტურიზმის, მეწარმეობის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 27-28 ივნისს შედგება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე პოლონეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს გამართავს
შემდეგი სტატიათბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი შენდება