გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას ურჩევს, საკუთარ მიდგომებს მიაქციოს ყურადღება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას ურჩევს, პირველ რიგში, საკუთარ მიდგომებს მიაქციოს ყურადღება. ასე გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოში ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

კვირიკაშვილის თქმით, რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია. “ალბათ, პირველ რიგში, საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა, ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია . თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არა ჩვენი საგარეო ვექტორის და არა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, რა თქმა უნდა, აქ ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია. თუმცა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელ რეჟიმშიც უკვე შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებაზე საუბარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გრიგორი კარასინმა პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განაცხადა, დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებაა. გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთი ჯერ თავს იკავებს, მაგრამ მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

banner
წინა სტატიაშილადო პაპავა თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს
შემდეგი სტატიასოსო ცისკარიშვილი: ფარული კადრების გავრცელება ყველაზე მეტად ივანიშვილს აზიანებს