სოსო ცისკარიშვილი: ფარული კადრების გავრცელება ყველაზე მეტად ივანიშვილს აზიანებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 16, 2016 15:12

სოსო ცისკარიშვილი: ფარული კადრების გავრცელება ყველაზე მეტად ივანიშვილს აზიანებს

cickarishvili“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ვიღაც ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და გადატრიალებას გეგმავდეს.

ცისკარიშვილი სამი თვის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ შორის ჯაჭვურ კავშირს ხედავს. მისი აზრით, ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების უკან ხელისუფლების ინტერესის გარდა, ყველა ძალის დაინტერესება ჩანს.

ის არ გამორიცხავს, რომ ამ პროცესების უკან რუსეთიც იდგეს, რომლის სურვილსაც საქართველოში ბოლო დროს მომძლავრებული რუსეთუმეები ახორციელებდნენ.

სოსო ცისკარიშვილი: ფარული კადრების გავრცელების ირგვლივ უამრავი ვერსია შეიძლება წარმოიქმნას და აქედან არსებობის უფლება ყველას აქვს, ვიდრე გამოძიებული არ იქნება და პროკურატურა ზუსტ ინფორმაციას არ მოგვაწვდის. ფაქტია, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ათასობით ასეთი ჩანაწერი არ გაენადგურებინა და ძალიან ელოლიავება.

უპირველეს ყოვლისა, ცალსახაა, რომ ამ კადრების გამოაშკარავება ქართულ სახელმწიფოებრივობას ვნებს, და გულზე სალბუნად ეფინება იმ ძალებს, რომელთაც საქართველოსა და ევროპას შორის ზღუდეების აღმართვა სურთ.

“რ”: ფიქრობთ, რომ ამ კადრების უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს?

ს.ც: გამორიცხული არაფერი არ არის და, როგორც ვთქვი, ყველაფერს არსებობის უფლება აქვს, მათ შორის რუსეთის ინტერესებსაც. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელი არ არის მოსკოვის დასტური ან ჩართულობა, რადგანაც საქართველოში საკამრისზე მეტი რუსეთუმე ჩამოყალიბდა, რომლის ინტერესებშიც კრემლის მაამებლობა შედის. ჩვენს ქვეყანაში ე.წ. რბილი პრორუსული ძალები არსებობს, რომელთა დასაფინანსებლადაც რუსეთიდან არცთუ ცოტა თანხა შემოდის.

“რ”: “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ამის უკან, შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იდგეს. თქვენ რას ფიქრობთ?

ს.ც: ამ განცხადების საწინააღმდეგო არგუმენტები არსებობს. თუკი ფარული კადრების გავრცელება ვინმეს ზიანს აყენებს, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც ის სურვილი ნამდვილად ვერ აუხდება, რომელზეც 4- წლის წინ ოცნებობდა. არ მგონია, მას იმდენი ჭკუა არ ჰქონდეს, რომ თავის მიერ მოყვანილ ხელისუფლებას “ხარაკირი” გაუკეთოს. ეს ყველაზე მეტად მის ინეტრესებს აზიანებს.

“რ”: როგორ ფიქრობთ, ფარული ჩანაწერების გავრცელებით, ამ ადამიანებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის გამოწვევა უნდათ? რა სცენარი შეიძლება არსებობდეს?

ს.ც: გადავავლოთ სამი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. დღე არ გასულა, რომ ახალი შფოთი არ აგორებულიყო. ვხედავთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე თემებზე საუბარი არ თავდება.

ეს ყველაფერი უკვე ეპიდემიის სახეს ატარებს. ამიტომაც ყველაფრის ერთმანეთთან დროში თანხვედრა, ლოგიკურად გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს ერთი დიდი სცენარის ნაწილია, რომელიც აქტიურ ფაზაში არჩევნების მოახლოებასთან ერთად შედის.

ფარული კადრების გამავრცელებლების აზრით, ისედაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიერ დამფრთხალი ევროპელები, რომლებიც რისკზე მიდიან და თითქოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას გვაძლევენ, კადრების გამოაშკარავებით ჩვენს სრულიად ველურ სახეს დაინახავენ. რის შემდეგაც, იფიქრებენ, რომ, მოდი, ამ ხალხმა ცოტა ხანი ზოოპარკში გაატაროს და შემდეგ გველაპარაკოსო. ამ ადამიანების მიზანი ესეც შეიძლება იყოს. მათ სურთ, რომ ყოველი ახალი დილა ახალი შფოთით დაიწყოს.

“რ”: ახსენეთ სამი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესები. როგორ ფიქრობთ უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი შეიძლება ამ მოვლენებთან კავშირში იყოს?

ს.ც: სტუდენტების უკმაყოფილების პირველი ეტაპი, რომელიც სასწავლებელში “ოდეერების” შესაძლო არსებობას ეხება, ძალიან სწორი და საფუძვლიანი იყო. ხოლო რაც ახლა ორი დღის განმავლობაში ხდება, თვითმმართველობასთან არანაირ კავშირში არ არის. ეს ყველაფერი უკვე ზედმეტ და არასასურველ აქტიურობაში გადაიზარდა. ეს კი გარკვეულ ეჭვებსა და კითხვებს აჩენს.

რაც შეეხება პაპავას გადაყენებას, სიმართლე გითხრათ ის დიდად არც ბიძინა ივანიშვილს ხიბლავს, რადგანაც მის ბიოგრაფიაში ერთი მიუტევებელი რეალობაა – მას შპს “ქართუში” არასდროს უმუშავია.

“რ”: როგორ ფიქრობთ, ახალმა ხელისუფლებამ რატომ არ გააუქმა “ოდეერის” ინსტიტუტი? მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლამდე მის არსებობას აპროტესტებდა?

ს.ც: ეს ინსტიტუტი სააკაშვილის გამოგონებული არ არის. ის გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მოდის. ახლა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ სწორედ უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა გახდა ის გულადი კაცი, რომელმაც ხმამაღლა და საჯაროდ განაცხადა ამ ინსტიტუტის არსებობის შესახებ, რის შემდეგაც, მისი გადაყენების მოთხოვნით, სერიოზული თავდასხმები დაიწყო. ვისი მართულია ეს ხალხი, ამის გამოცნობა რთული არ არის.

“რ”: ვინ არის ის ძალა, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის უკან დგას?

ს.ც: აქ ხელი იმ ძალას მიუწვდება, რომელმაც თავის დროზე ამ ხალხის შექმნას ხელი შეუწყო. ვინც გაათამამა, გააყოყოჩა და შეაგულიანა. ფაქტია, რომ ხელისუფლებას მათზე მოქმედების რესურსი ნაკლები აქვს. აქ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ ქვეყანაშია და რომელი ოლქის გუბერნატორია.

როდესაც ახალგაზრდების მართვის საშუალება გაქვს, ამას ყოველთვის გამოიყენებ. სამწუხარო ის არის, რომ ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირების ყველაზე დიდი ოცნება კრემლს აქვს, რასაც, გამოდის, რომ ჩვენივე ხელით ვაკეთებთ. პრობლემის მოსაგვარებლად აკადემიური საბჭოს წევრების და ე.წ. სენატის ჩამოყალიბების საფუძვლები უნდა გადაიხედოს.

“რ”: რას ფიქრობთ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის გამოჩენაზე და მის განცხადებაზე, რომ უახლოეს მომავალში ტელეკომპანია “მაესტროსა” და “რუსთავი 2”-ის წილებს მოითხოვს?

ს.ც: როგოც ჩანს, ბატონმა ირაკლიმ ჩათვალა, რომ მისთვის “სადაც არ სჯობს, გაცლა სჯობსო” დრო დასრულდა. ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არსებულ რეალობას გაეცალა და ახლა შესაძლებლობა გამოიყენა, რომ ქართულ რეალობაში ისევ დაბრუნდეს. ის გონიერი, ენერგიული ადმიანია და ალბათ შექმნა რაღაც საკუთარი ხედვა, რომელიც ნელ-ნელა გამომზეურდება. ამ ყველაფრის შემდეგ შეგვიძლია მის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბროთ.

“რ”: მას აქვს შანსი, რომ საზოგადოებაში ახალ პოლიტიკურ ძალად წარმოჩინდეს?

ს.ც: არა მგონია, რომ მის რაიმე ახალ ძალას საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდეს. მაგრამ, თუ ის ახალ გუნდს ჩამოაყალიბებს, რომელიც რეგიონული მასშტაბის იქნება, წარმატება ნამდვილად ექნება. თუ ეს საკრებულო რომელიმე პარტიულ კასტად ჩამოყალიბდება, მას წარმატების ნაკლები იმედი უნდა ჰქონდეს.

“რეზონანსი”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 16, 2016 15:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,462
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics