გიორგი კანდელაკი – პაატა ზაქარეიშვილის განცხადება სახიფათოა

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ზაქარეიშვილის განცხადება, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა, უაღრესად სახიფათოა, რადგან იმეორებს ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ შეთხზულ ლეგენდას.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრის პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო. ზაქარეიშვილის მტკიცებით, “ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა – ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა.”
აღნიშნული განცხადება არა მხოლოდ ღრმად არაკომპეტენტურია და ადასტურებს რომ მას, როგორც მთავრობის წევრს, საკუთარი ფუნქციები არ ესმის, არამედ კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოაჩენს რომ ივანიშვილის გუნდს არ აქვს საქართველოს მომავლის არც ხედვა და არც რწმენა. იმის ნაცვლად რომ უპირისპირდებოდეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პროპაგანდას საერთაშორისო ასპარეზზე, ცდილობდეს მრავალეთნიკური, ევროპული და სამოქალაქო ინდენტობის მქონდე საქართველოს იდეის წინ წამოწევას, გვესმის რაღაც ფსევდო ფილოსოფიური მსჯელობა და ქადაგება ბედთან შეგუებაზე”, – განაცხადა კანდელაკმა.
მისივე განმარტებით, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ საოკუპაციო ხაზი ყოველდღე იწევა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკური ქართველების უფლებები მუდმივად ირღვევა.
“დღეისათვის ეთნიკური წმენდის და დევნილთა დაბრუნების საკითხი ივანიშვილის გუნდის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებისთვის საზიანო საქმიანობის შედეგად საერთაშორისო დღის წესრიგიდან ფაქტიურად მოხსნილია.
საქართველოს მთავრობის წევრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება არის უაღრესად სახიფათო, რადგან იმეორებს ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ შეთხზულ ლეგენდას თითქოს თანამედროვე ეპოქაში საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის მოხვედრა საბჭოთა კავშირის “დამსახურებაა.” ამ ლეგენდის მიზანი კი საქართველოს სუვერენიტეტის დელეგიტიმაციაა. რუსეთის და მისი მარიონეტების მიერ სწორედ ეს ლეგენდა გამოიყენებოდა 1992-1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის და აფხაზეთში განხორიელებული ეთნიკური წმენდის გასამართლებლად.
გასაკვირი არაა, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყაზანის უმაღლეს პარტიულ სკოლაში, რომელიც პაატა ზაქარეიშვილმა მეცნიერული კომუნიზმის განხრით დაამთავრა, საქართველოს ისტორიას იგი საფუძვლიანად ვერ შეისწავლიდა. მიუხედავად ამისა, ამგვარი პრინციპულად მცდარი და საქართველოს სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი განცხადებების გაკეთება საქართველოს მთავრობის წევრის მიერ ყოვლად დაუშვებელია, მითუმეტეს, რომ სიმართლე ამ ლეგენდის ზუსტად საპირისპიროა: როგორც დე-იურე ასევე დე ფაქტო აფხაზეთზე საქართველოს სუვერენიტეტი ვრცელდებოდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე და მას შემდეგაც. კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიას სრულად აკონტროლებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში. საქართველო-რუსეთის საზღვრად მდინარე ფსოუ რუსეთის მიერვეა აღიარებული 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი საფუძველი და საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. ამდენად საბჭოთა პროპაგანდის გავრცელებული მითი რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში სტალინმა “ჩართო” უბრალოდ ტყუილია – მათ შორის იმიტომ რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოცემული ყველა აქტი და “კონსტიტუცია” – რომლებზეც ოკუპანტები და მათი მარიონეტები ახდენდნენ აპელირებას – საერთაშორისო სამართლისთვის უკანონოა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დემოუკიდებლობის აღდგენიდან 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის მომენტამდეც საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთში ვრცელდებოდა”, – აღნიშნა მან.
გიორგი კანდელაკის შეფასებით, ზაქარეიშვილის აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მთავრობის საქმიანობის შედეგად საქართველოს ინტერესები უკლებლივ ყველა სფეროში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების და სუვერენიტეტის მხრივ, ზიანდება.
“სწორედ ამიტომ, მთავრობა უნდა გადადგეს”, – დასძინა კანდელაკმა პრესკონფერენციაზე.
სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა და ერთ სახელმწიფოში ცხოვრების ერთადერთი გამოცილება, რაც ჩვენ გვახსოვს, საბჭოთა კავშირია. აქედან გამომდინარე, პაატა ზაქარეიშვილი აუცილებლად მიიჩნევს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რა სახით წარმოგვიდგენია აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს შემადგენლობაში. თუმცა იგი ხაზს უსვამს, რომ ფედერაციული მოწყობა ძალიან შორეული პერსპექტივაა და დღევანდელი მთავრობა ამაზე არ მსჯელობს.
“მე, როგორც მინისტრი, ამას ვერ მოვესწრები. ჩვენი ამოცანაა დღევანდელი დღე – ჯანდაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა კონფლიქტის ზონაში, რუსეთთან ურთიერთობები. დღეს ჩვენი ხელისუფლების ამოცანა არის არა სტატუსის განსაზღვრა, არამედ მთავარი ამოცანაა, რამე შეცდომა არ დავუშვათ და რუსეთმა ახალ პროვოკაციაში არ ჩაგვითრიოს. სულ ასე არ იქნება. საქართველო მშვიდობიანად განვითარდება, გახდება ევროპული სახელმწიფო და მერე დაუდგება სტატუსის განსაზღვრის ამოცანა. მანამდე საზოგადოებაში უნდა იყოს მსჯელობა ამ თემაზე და არა მთავრობაში. საზოგადოება მომწიფებული უნდა იყოს იმ დროისთვის, როცა დადგება საკითხი _ როგორი მოწყობა გვინდა საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა _ ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა. ამიტომ, გვინდა ერთია და როგორ ვაპირებთ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, მეორე და საზოგადოება ამაზე უნდა მსჯელობდეს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,თურქეთს სრული უფლება აქვს, რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს”
შემდეგი სტატია,,პროგნოზები დადებითი არაა და პენსიაზე მომატებულ 20 ლარს ისევ ინფლაცია შეჭამს”