გიორგი გახარია – დღეს გვჭირდება, რომ კანონის შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის გარეშე 31 ოქტომბერს დავიცვათ ჩვენი წარმატება

region
ავტ.: region ოქტომბერი 9, 2020 17:46

გიორგი გახარია – დღეს გვჭირდება, რომ კანონის შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის გარეშე 31 ოქტომბერს დავიცვათ ჩვენი წარმატება

ბუნებასა და ადამიანებს რომ თავი დავანებოთ, ცაგერის მუნიციპალიტეტი უნიკალურია იმით, რომ აქ არის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და მეცხოველეობის განვითარების სერიოზული პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ცაგერში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ცაგერში არის ყველა შესაძლებლობა, რომ სერიოზული წარმოებები შეიქმნას.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ხელს უწყობს იმას, რომ ადგილობრივმა მოქალაქეებმა შეძლონ, დაიწყონ თავიანთი საქმე, გახდნენ ფერმერები, რათა დაასაქმონ სხვა ადამიანები.

„ამ მართლაც საოცარ მუნიციპალიტეტში უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რის გაკეთება შეგვიძლია მუნიციპალიტეტში. ჩვენ წლების წინ ვებრძოდით იმას, რომ მთა არ დაცლილიყო. დღეს ჩვენ ვზრუნავთ, ვფიქრობთ და ვგეგმავთ იმას, რომ მთა როგორ განვავითაროთ. ცაგერის მუნიციპალიტეტს ამაში ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს. ბუნებასა და ადამიანებს რომ თავი დავანებოთ, ცაგერის მუნიციპალიტეტი უნიკალურია იმით, რომ აქ არის სერიოზული პოტენციალი სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და მეცხოველეობის განვითარების. აქ არის ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ მცირე მეწარმეობიდან დაწყებული სერიოზული წარმოებები შეიქმნას. ყველა კარგად ხედავთ, რამდენი ვენახი შენდება, ხედავთ, როგორ ვუწყობთ ხელს იმას, რომ ადგილობრივმა მოქალაქეებმა შეძლონ დაიწყონ თავიანთი საქმე, გლეხი გახდეს ფერმი, რომ დაასაქმონ სხვა ადამიანები და ღირსეულად მიხედონ თავიანთ ოჯახებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფრის ცენტრში არის ადამიანი და სწორედ ის არის ძირითადი ზრუნვის საგანი.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ ადამიანია ყველაფრის ცენტრში და ადამიანია ძირითადი ზრუნვის საგანი. როდესაც ამას ვამბობდით, პირველ რიგში, ვგულისხმობდით ჩვენს ახალგაზრდა თაობას, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ნორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა და არ უნდა იყოს აუცილებლობა, რომ თავისი მშობლიური მუნიციპალიტეტიდან სადმე უწევდეთ წასვლა და ამიტომ, თანაბარი განათლება მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ უნდა იყოს სხვაობა, ბავშვი იბადება თბილისში, ლენტეხში, თუ სხვაგან. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წესრიგში მოვიყვანოთ როგორც საბავშვო ბაღები, ასევე სასკოლო განათლების ინფრასტრუქტურა. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე. რა თქმა უნდა, პენსიიდან დაწყებული, სოციალური მომსახურების დონე, ყველგან უნდა იყოს ერთნაირი. ამ ყველაფრის მისაღწევად იყო სწორედ შექმნილი მთის კანონი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს, თავიანთ მშობლიურ რაიონებში, თავიანთ მშობლიურ სოფლებში იცხოვრონ ისე, რომ ელემენტარული სოციალური უზრუნველყოფა ჰქონდეთ გარანტირებული“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, ძლიერი მთა, ეს ნიშნავს ძლიერ საქართველოს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს გავაგრძელებთ, რამეთუ კარგად გვესმის, რომ ძლიერი მთა, ეს ნიშნავს ძლიერ საქართველოს, მაგრამ ცაგერის მუნიციპალიტეტი არის ის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით იმას, რომ ის პროგრამები, რომლითაც სახელმწიფო უჭერს მხარს მოქალაქეს – „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის პროგრამები, აქ ყოველთვის გამორჩეულად იყო განვითარებული. ამიტომ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ, ხვალინდელ დღეს, ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები. რაც მთავარია, ჩვენ, ყველა ერთად, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ისტერიკის გარეშე, ზოგ შემთხვევებში რომ გვიწევს თვალყურის დევნება, უნდა მივიდეთ 31 ოქტომბრამდე და ღირსეულად, სამართლიან გარემოში, სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს მოქალაქეების მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს რაიმე ვუმტკიცოთ. ჩვენ გვჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ კანონის შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის გარეშე დავიცვათ ჩვენი წარმატება 31 ოქტომბერს. ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 9, 2020 17:46