ქართული მარში დავითგარეჯასთან აქციას მართავს და აზერბაიჯანს ულტიმატუმს უყენებს

პარტია ქართული მარში დავითგარეჯასთან აქციას მართავს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. სანდრო ბრეგაძის თქმით, თუ აზერბაიჯანელი სამხედროები ათი დღის ვადაში არ დატოვებენ დავითგარეჯს, ისინი ტერიტორიაზე გადავლენ.

“ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, ჩვენ მივეცით აზერბაიჯანის ხელისუფლებას ათდღიანი ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ ახლადაღმოჩენილი გარემოებების ანუ რუკების გაცნობის შემდეგ, მიიღონ მეგობრული გადაწყვეტილება, რადგან ვთვლით, რომ აზერბაიჯანი არის მეგობარი ქვეყანა და როგორც მეგობარს შეშვენის, თავიანთი შეიარაღებული რაზმები გაიყვანონ ჩვენი წმინდა ადგილებიდან, საქართველოს ტერიტორიიდან ანუ დავით გარეჯიდან. ვერავინ ამიკრძალავს მე და ვერც ერთ ქართველ მოქალაქეს, რომ გადაადგილდეს თავის ტერიტორიაზე. ჩვეულებრივად, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გადავალ, იქ სადაც არის ჩემი ქვეყნის ძირძველი ტერიტორია, მერე უიარაღო ადამიანს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უნდათ მესროლონ, რაც უნდათ, ის გააკეთონ” – თქვა სანდრო ბრეგაძემ.

პარტია “არასერიოზულად” აფასებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის და კომისიის წევრის დაკავებას. სანდრო ბრეგაძის თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის ბედს ვერ გადაწყვეტდნენ და უნდა დადგეს მაშინდელი პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.

“თუ ამ ადამიანებმა გაყიდეს თავიანთი სამშობლო, მაშინ მათ მიიღეს ბრძანება ზემოდან, ზემოდან ისინი მიიღებდნენ მხოლოდ პრეზიდენტის დონეზე ბრძანებას” – ამბობს ბრეგაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – დღეს გვჭირდება, რომ კანონის შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის გარეშე 31 ოქტომბერს დავიცვათ ჩვენი წარმატება
შემდეგი სტატია“2021 წლის ბიუჯეტი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტი მოკლა”- ლევან კობერიძე