გიორგი ჩაკვეტაძე: მჯერა, ევროკავშირი გადმოდგამს ნაბიჯს არამხოლოდ ჩვენკენ, არამედ გადმოდგამს ნაბიჯს ჩვენი რეგიონის მშვიდობიანი განვითარების გასაგრძელებლად

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თბილისის ისტორიულ დარბაზში განიხილავენ საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას .
„თბილისში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის იყო რეგიონის და არამხოლოდ რეგიონის კულტურის, ტოლერანტობის, სოლიდარობისა და მშვიდობის ცენტრი. ამ ყველაფერს განვიხილავთ იმ პერიოდში, როდესაც რუსული აგრესია ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანას უტევს და მილიონობით ოჯახს სახლის გარეშე ტოვებს, კლავს ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს; მიწასთან ასწორებს ქალაქებსა და ისტორიულ ცენტრებს. ბრძოლაში იმპერიის წინააღმდეგ ჩვენმა ქვეყანამ ათწლეულების განმავლობაში ლომის წვლილი შეიტანა. თაობები შეეწირა არამხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, არამედ ევროპის მშვიდობიან განვითარებას. ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, 9 აპრილი, ეთნიკური წმენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, 2008 წლის ომი.“ -განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ
გიორგი ჩაკვეტაძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთი ქარტეხილი გამოიარა და ახლა დადგა რეალური შანსი იმისა, რომ შეფასდეს საქართველოს წვლილი ამ რეგიონში.
„ქართული ოცნების პირობებში, გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, გვაქვს უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. გვაქვს ნატოსთან თავსებადობა, ჩვენი გმირი ბიჭები იბრძოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიულ მხარდაჭერასთან ერთად, აქტიურად გრძელდება რეფორმები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება – მშვიდი, ევროპული ტიპის განვითარება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვართ მზად და იმედიანად იმისთვის, რომ ევროკავშირი გადმოდგამს ნაბიჯს არამხოლოდ ჩვენკენ, არამედ გადმოდგამს ნაბიჯს ჩვენი რეგიონის მშვიდობიანი განვითარების გასაგრძელებლად. როგორც არასდროს, ვართ ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან და საქართველოს მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვარ ის კანდიდატის სტატუსი, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის საქართველოს მოგვენიჭება“ – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ფონზე აღარ რჩება ადგილი დესტაბილიზაციისთვის, არეოლობისთვის, კიდევ ერთი ომისთვის და ნაც. მოძრაობის მოკავშირის სახალხო პარტიის ცალკეული წევრების მიერ თავსმოხვეული რეზოლუციისთვის.

წინა სტატიაშიაფხაზებს უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაჩვენი გუნდი ევროპისკენ მიისწრაფვის, რაც გადახედვას არ ექვემდებარება, წუხილს თუ გამოვხატავთ, რომ არსებობს საკითხები, რომელთა სამართლიანობაზე კითხვები გვიჩნდება, ეს ევროკავშირზე უარის თქმას არ ნიშნავს – ოხანაშვილი