ჩვენი გუნდი ევროპისკენ მიისწრაფვის, რაც გადახედვას არ ექვემდებარება, წუხილს თუ გამოვხატავთ, რომ არსებობს საკითხები, რომელთა სამართლიანობაზე კითხვები გვიჩნდება, ეს ევროკავშირზე უარის თქმას არ ნიშნავს – ოხანაშვილი

ცალსახაა, რომ ჩვენი გუნდი, ხალხი ევროკავშირისა და ევროპისკენ მიისწრაფვის, საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. წუხილს თუ გამოვხატავთ, რომ არის საკითხები, რომელთა სამართლიანობაზე კითხვები გვიჩნდება, არ ნიშნავს, რომ ვინმე ევროკავშირზე უარს ამბობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადება. კერძოდ, საუბარია განცხადებაზე, სადაც დიმიტრი ხუნდაძე ამბობს: „საქართველო თუ კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.

ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ყველას აქვს უფლება, გულწრფელი ემოცია დააფიქსიროს, რომ საკითხები სამართლიანი წესებით გადაწყვეტას დაექვემდებაროს.

„ჩვენი გუნდი, ჩვენი ქვეყანა და ხალხი ევროკავშირისა და ევროპისკენ რომ მიისწრაფვის, ცალსახაა და საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. საკითხი კითხვის ქვეშ არ დგას. არავის აქვს უფლება, ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის სამართლიანი თამაშის წესები და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ სამართლიანობას ეფუძნება ევროკავშირი, ევროკავშირის იდეა და ევროპული ღირებულებები. ამიტომ, თუ გამოვხატავთ წუხილს, რომ არის საკითხები, რომლის სამართლიანობაზე კითხვები გვიჩნდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ევროკავშირზე უარს ამბობს. ჩვენი ერთადერთი სწორი გზა არის ევროპულ ოჯახში დამკვიდრება – ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ჩვენი ხალხის ტრადიციებითა და ჩვენი ქვეყნის ისტორიით. ეს არის გზა, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება. უბრალოდ ნურვინ გვისაყვედურებს, გვქონდეს ემოცია და გულწრფელი ემოცია დააფიქსიროს, რომ საკითხები სამართლიანი წესებით გადაწყვეტას დაექვემდებაროს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო, ქვეყანა ყველა ნაბიჯით ევროპას დაახლოებოდა.

„ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო, რომ ქვეყანა ყველა ნაბიჯით ევროპას დაახლოებოდა, რაც არის ხელშესახები და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული. ევროპული ოჯახი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი აზრები უნდა გვქონდეს. ვინმეს გვეკრძალება პოზიციონირება, რომ ეს სწორი არ არის და ტყუილია, გთხოვთ, პოზიციას გადახედეთ? საკითხი, რომ ჩვენი გუნდი ევროპულ არჩევანს გადახედავს, არ განიხილება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

წინა სტატიაშიგიორგი ჩაკვეტაძე: მჯერა, ევროკავშირი გადმოდგამს ნაბიჯს არამხოლოდ ჩვენკენ, არამედ გადმოდგამს ნაბიჯს ჩვენი რეგიონის მშვიდობიანი განვითარების გასაგრძელებლად
შემდეგი სტატიათინათინ ნიბლოშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“: „ყველა კარზე აკაკუნებთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თქვენი ქვეყანა როგორმე ლაფში ამოსვაროთ“