გიგი წერეთელი გიუნტერ ბეჰლერს შეხვდა

პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, გიუნტერ ბეჰლერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო ასამბლეის და ორგანიზაციის აღმასრულებელი რგოლის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით, ერთობლივი ჩართულობის ინსტრუმენტებზე იმსჯელეს.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სამთავრობო მხარესთან და გიუნტერ ბეჰლერი, რომელიც არის სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, სწორედ ორგანიზაციის სამთავრობო ნაწილს წარმოადგენს. სტუმართან შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ორგანიზაციის როგორც აღმასრულებელი ასევე საკანონმდებლო შტოსთვის, რათა კიდევ უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართულნი მიმდინარე პროცესებში.

საპარლამენტო ასამბლეა ივლისში, ბერლინში გამართავს ყოველწლიურ სესიას და ძალიან გვინდა, რომ საქართველოს თემა დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყოს. შეხვედრაზე ასევე გავიარეთ ის თემები, რაც უკავშირდება ინციდენტებისა და პრევენციის მექანიზმებს, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და ვიმსჯელეთ თუ რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ჩავერთოთ ამ საკითხების არა მხოლოდ განხილვაში, არამედ დადებითი შედეგების მიღწევაში“, – განაცხადა გიგი წერეთელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტის ჩემპიონი დაპროგრამებაში მარიამ ბეჟაშვილი გახდა
შემდეგი სტატიათურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქვეყნის ნატოდან გაყვანის პირობას დებს