ტექნიკური უნივერსიტეტის ჩემპიონი დაპროგრამებაში მარიამ ბეჟაშვილი გახდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კვირას, 20 მაისს ჩატარდა სტუ-ის პირველობა დაპროგრამებაში. ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა გოგონამ – მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტმა, მარიამ ბეჟაშვილმა, რომელმაც 7 ამოცანა ამოხსნა. მეორე ადგილზე გავიდა ასევე მაგისტრატურის პირველკურსელი ვახტანგ ტაბატაძე 6 ამოხსნილი ამოცანით, ხოლო მესამე ადგილი ერგო შარშანდელ ჩემპიონს, ბაკალავრიატის მეოთხეკურსელს, რავილ გასანოვს 5 ამოხსნილი ამოცანით.

პირველობისთვის ბრძოლა დაძაბულად წარიმართა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა ამოეხსნათ 10 ურთულესი ამოცანა, რომელიც ფარავდა ფუნდამენტური დაპროგრამების აქტუალური თემატიკის საკმაოდ ფართო სპექტრს. კონკურსზე, რომელიც 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, საერთო ძალისხმევით 9 ამოცანა ამოიხსნა. კონკურსის მონაწილეთა მიერ გამოვლენილი მაღალი დონე თამამად იძლევა საფუძველს იმისთვის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი უახლოეს საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარსდგეს ისეთი გუნდებით, რომლებიც რეალურად იბრძოლებენ საპრიზო ადგილებისთვის.

30 მაისს კი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება საერთაშორისო ოლიმპიადა დაპროგრამებაში, რომელიც მიეძღვნება აკადემიკოს ილია ვეკუას ხსოვნას. აღნიშნულ მაღალრეიტინგულ შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდიც მიიღებს.

სტუ-ის დაპროგრამების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგება ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, 30 მაისს, გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

banner
წინა სტატიაშირუხში აზერბაიჯანელების ავტო-ტექნიკა გაქურდეს
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი გიუნტერ ბეჰლერს შეხვდა