გიგა ბოკერია : საქართველოს მეგობრები და პარტნიორები შეშფოთებულები არიან, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში პუტინის პოზიციებს აძლიერებს

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მასში მოყვანილი ფაქტები გასაკვირი არ არის.

„საქართველოს მეგობრები და ის პარტნიორები, ვისაც პრაგმატული და პრინციპული ინტერესები აქვთ, რომ საქართველო ძლიერი, დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა იყოს, პუტინის რუსეთმა ვერ გაიტანოს თავისი ამ რეგიონშიც, არიან შეშფოთებულები და ხედავენ იმას, რასაც ხედავს ქართული საზოგადოება, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი თავისი ნაბიჯებით საქართველოში პუტინის პოზიციებს აძლიერებენ.

ქართულმა საზოგადოებამ ეს დიდი ხანია იცის, ოღონდ ახლა ამას მკაფიოდ ხედავენ საქართველოს მეგობრებიც. ბუნებრივია ის, რომ ასეთ გზავნილს აკეთებენ, ასეთი ტერმინების გამოყენებით, უნდა იყოს სერიოზული სიგნალი თვითონ ივანიშვილისთვის.

ჩვენი ინტერესია, რომ ის დროზე მოვიდეს გონს, აღარ გააგრძელოს დესტაბილიზაციის მცდელობები საქართველოს შიგნით, შეეგუოს მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნების შედეგებს, რაც დასრულდება მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილებით. ეს არის საქართველოს ინტერესი და ამაში საქართველოს ეხმარებიან საქართველოს მეგობრები. მე მგონი, ამ ტიპის შეფასებები იყო ვარდების რევულუციის წინა მოკლე მონაკვეთში“,- განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერიამ განაცხადა, რომ თავისუფალი სამყარო არ ერევა შიდა საქმეებში და იმაში, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევნებში.

„ისინი ხედავენ იმას, რასაც ხედავს ქართული საზოგადოება და უფრო დიდი ხანია, რადგან ჩვენ უფრო ახლოს ვართ, ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის შედეგებს, რომელიც საქართველოში პირდაპირ პუტინის რუსეთის ინტერესებს ეხმარება. გავრილოვის ღამე მოდის და ეს არის კიდევ ერთი სიმბოლო და მაგალითი ამ ყველაფრის.

ჩვენი ინტერესი, საქართველოს ინტერესი ამ ვითარებაში არის, რომ ჩვენს შიგნით საზოგადოებრივი წნეხით, მათ შორის ჩვენი მეგობრების დახმარებით, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესებს უჭერენ მხარს, ნაკლები ზიანით, ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობიანი არჩევნების შედეგად, ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ.

ხოლო იქამდე კარგი იქნება, თუ გონს მოვა და დღეიდან არჩევნებამდე აღარ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ზიანს მოუტანს ქვეყანას და მას მეტი საფრთხის ქვეშ ჩააგდებს. ამაში იგულისხმება შეთანხმების შესრულება, ამაში იგულისხმება შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანია და ამაში, რაც მთავარია, იგულისხმება არჩევნებში მარცხთან მშვიდად შეგუება“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : კონგრესმენების ის ერთი წინადადება აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია
შემდეგი სტატიაირაკლი ბერაია: თუ ვინმეს აქვს კითხვის ნიშნები, ვურჩევ იხელმძღვანელოს ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციით