გია ვოლსკი გიორგი აბაშიშვილს მიმართავს, „როყიო განცხადებებისგან თავი შეიკავოს“

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, გიორგი აბაშიშვილს მიმართავს, „როყიო განცხადებებისაგან“ თავი შეიკავოს.

ასეთი კომენტარი ვოლსკიმ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გიორგი აბაშიშვილის განცხადების პასუხად გააკეთა.

„ასეთი როყიო განცხადებებისაგან, ძალიან ვთხოვ, აბაშიშვილს, თავი შეიკავოს. ხალხი არ იყურებს, რა საკითხებზე გვაქვს დამთხვევა და სხვაობა პოზიციების, რაც ნორმალურია პოლიტიკურ ცხოვრებაში. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ინსტიტუტების წარმომადგენლები ღრმა პოლიტიკური ეთიკით დამშვენებული ფრაზებით საუბრობდნენ. ასეთი სანტაჟისტური განცხადებები უადგილოა და პოლიტიკური სკანდალის შექმნის მცდელობას გავს“,-აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭიროს.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს პარლამენტს მოუწევს, გააკეთოს არჩევანი ლევან მურუსიძესა და ანა დოლიძეს შორის.

„არ მაქვს იმედი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობს მურუსიძეს და მხარს დაუჭერს დოლიძეს, თუმცა ვფიქრობ, რომ პარლამენტის თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა, მურუსიძის მართვის სტილი სასამართლოში შეცვალოს. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნება უზენაესი სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას, თუ დამატებით არ იქნება გამწესებული სამი მოსამართლე, ამიტომ რისკის ქვეშ ნუ დავაყენებთ უზენაეს სასამართლოს”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: ჩვენ 38 წლის პარტია ვართ, აბაშიშვილი კი ერთი წლის პოლიტიკოსიც არ არის
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: ივანიშვილის ჩარევის შედეგად – გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა