ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ 38 წლის პარტია ვართ, აბაშიშვილი კი ერთი წლის პოლიტიკოსიც არ არის

,,პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აგინებს, ის პრეზიდენტი არ არის. – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა გიორგი აბაშიშვილის განცხადების კომენტარებისას.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი „უმადურია.“

„მას ყველაფერი უნდა დაენახა, თუ რა გააკეთა მისი ინსტიტუტის გადასარჩენად დათო უსუფაშვილმა. არ დაინახა, ჩვენ დაგვრჩა აზრი, რომ უმადურია. ეს იმიტომ მოხდა, რომ ის პოლიტიკაში არავინ იყო და ერთ დღეში პრეზიდენტი გახდა. ეს ექსპერიმენტი გამართლებული და სწორი არ იყო და თუ აბაშიშვილს ჰგონია, რომ რაღაც თანამდებობაზეა და ამიტომ ბრძნულს იტყვის, დიდი ბოდიში. მისი დონე მის განცხადებებს არ შეესაბამება.“

ლევან ბერძენიშვილის თქმით, პრეზიდენტმა პარტიების და ხალხის პატივისცემა უნდა ისწავლოს.

„ის თავისი კომპეტენციის ზღვარს მიღმაა და პროცესებს ვერ მართავს, საკუთარ უფლებებს არ იცნობს და უკვირს, ვიღაცამ ვეტო რომ დაუძლია. როგორი პრეზიდენტიც მარგველაშვილია, ისეთი თანაშემწეა აბაშიშვილიც. ის მაინც ვიცი, ვინ ვინ არის და ძალიან უცნაურია, რომ აბაშიშვილი რესპუბლიკურ პარტიაზე საუბარს ბედავს. ჩვენ 38 წლის პარტია ვართ აბაშიშვილი კი ერთი წლის პოლიტიკოსიც არ არის. გაიზრდება და რაღაცას ისწავლის, თუმცა, მეეჭვება.“-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ლევან ბერძენიშვილის სიტყვათა წყობა, აზრთა წყობა ძალიან ჰგავდა „ქართული ოცნების“ წევრების, მათ შორის ბატონი მეჭიაურის განცხადებებს.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა:”კარფურ-ქარვასლაში” განლაგებული vivus.ge-ს უკან ივანიშვილი დგას
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი გიორგი აბაშიშვილს მიმართავს, „როყიო განცხადებებისგან თავი შეიკავოს“