ღვარცოფის საშიშროების გამო, დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაიკეტა – განხორციელდა მოქალაქეთა ევაკუაცია

news
ავტ.: news აგვისტო 31, 2016 21:58

ამალი-დევდორაკის ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექისა და მყინვარის ზონაში დაგროვებული წყლის მასის პროვოცირებით დღეს, 19:20 საათზე ღვარცოფული ნაკადის გავლას ჰქონდა ადგილი.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ქვა-ტალახოვანმა მასამ საქართველოს სამხედრო გზამდე ვერ ჩააღწია და მდინარის ტრანზიტის (კალაპოტის) ზონაში დაილექა.
„დევდორაკიდან სპეციალისტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს საპატრულო პოლიციამ მყისიერად დაიწყო შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეთა ევაკუაცია. პრევენციის მიზნით, ჩაიკეტა საავტომობილი გზა თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 136-137-ე კილომეტრზე და დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
ამ დროისთვის ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის საშიშროება აღარ არსებობს. სამთავრობო უწყებების დროული მუშაობის შედეგად აცილებულ იქნა გარკვეული გართულებები“, – ნათქვამია კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

news
ავტ.: news აგვისტო 31, 2016 21:58

Google სტატისტიკა


3,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics