ღარიბაშვილი – ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა დავუშვით

ბევრი რამ ჩვენ თვითონ, ზოგი გამოუცდილეობით, ზოგიც უმეცრებით, შეგნებით თუ შეუგნებლად, ზოგიც მერკანტილური მიზნებით, ცუდი დავმართეთ ჩვენს სამშობლოს ამ 30 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„განვლილი წლები, ჩვენი ცხოვრებისა და ქვეყნის ისტორიის ნაწილია, რა თქმა უნდა, უამრავი კარგი მოვლენის, მიღწევის, ფასდაუდებელი გამოცდილების გამო, ძალზე ძვირფასია ჩვენთვის, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლის შედეგებს დღეს ვიმკით. რა თქმა უნდა, არსებობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები, როგორც შიდა და გარე მტრებიც, ობიექტური სიძნელეებიც, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ბევრი რამ ჩვენ თვითონ, ზოგი გამოუცდილეობით, ზოგიც უმეცრებით, შეგნებით თუ შეუგნებლად, ზოგიც მერკანტილური მიზნებით, ცუდი დავმართეთ ჩვენს სამშობლოს ამ 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.