გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან შეჩერების მექანიზმზე არ იქნება საუბარი, ეს გახლავთ ტექნიკური მისია

შეჩერების მექანიზმზე არ იქნება საუბარი, ეს გახლავთ ტექნიკური მისია – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, კონკრეტულად რაზე გამახვილდება ყურადღება და ხომ არ იქნება საუბარი შეჩერების მექანიზმზე.

​„შეჩერების მექანიზმზე არ იქნება საუბარი, ეს გახლავთ ტექნიკური მისია. იქნება ტექნიკური შეხვედრა, სადაც შსს-ში, როგორც სხვა უწყებებში, საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, რათა ამ გამოწვევას უპასუხოთ.

ძირითადი პრობლემატური საკითხი არის თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობის ზრდა გერმანიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

გარდა ამისა, კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება ვიზიტი ევროპოლში, სადაც უკვე კონკრეტულ მექანიზმებზე გვექნება საუბარი, ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რაც იქნება ძალზე სერიოზული არგუმენტი გამოწვევებზე პასუხისთვის.

საკითხი შეჩერების ამუშავების მექანიზმზე არ დგას, ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის. არის რამდენიმე ქვეყანაში შეშფოთება, რომ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა არის გაზრდილი. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ამ რაოდენობის ზრდას ველოდით, ეს არ არის დიდი ციფრები, თუმცა კონკრეტული პროცენტული ზრდის ტენდენცია არსებობს. ჩვენ გვაქვს გეგმა, ნაწილობრივ გაცხადებული, რომელსაც ექნება პრევენციის ძალა, რათა ამ გამოწვევას ვუპასუხოთ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, დოქტორი კრისტიან კლოსი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ელჩი ანეტ გიუნთერი სტუმრობენ.

banner
წინა სტატიაშიუვიზო მიმოსვლის შემდეგ დიალოგი, მათ შორის გერმანულ მხარესთან მუდმივად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქეთა 100%-ს იანვარში უარი ეთქვა