გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქეთა 100%-ს იანვარში უარი ეთქვა

გერმანიაში თავშესაფარი მხოლოდ იანვარში საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა და მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, რომელიც მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით გერმანული დელეგაციის თბილისში ვიზიტს შეეხება.

საელჩოს ინფორმაციით, გერმანიამ, როგორც ათეული წლების მანძილზე საქართველოს მჭიდრო პარტნიორმა და მეგობარმა, 2017 წლის მარტში მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. აღნიშნული შესაძლებლობა 200 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ გამოიყენა.

როგორც საელჩო აღნიშნავს, უვიზო მიმოსვლა ემსახურება ასევე, გერმანიასა და საქართველოს შორის მრავალფეროვანი კულტურული, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კონტაქტების გაღრმავებას, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს აღნიშნულ თავისუფლებას იმისთვის, რომ მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანი თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს.

„ვიზალიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. მხოლოდ იანვარში შვიდასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ასევე ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან შეჩერების მექანიზმზე არ იქნება საუბარი, ეს გახლავთ ტექნიკური მისია
შემდეგი სტატია,,ოცნების” და საპარლამენტო უმცირესობის შეთანხმება – რეზოლუცია