გენგეგმა თბილისს ადამიანებისთვის უვარგის, მხოლოდ შენობებისა და ავტომობილების ქალაქად აქცევს

ავტომანქანების სიმრავლე ჩვენს დედაქალაქში უკვე ისეთ პრობლემებს ქმნის: ეკოლოგიით დაწყებული და გადაადგილების შეუძლებლობით დასრულებული (ავტომანქანებია ყველგან: საავტომობილო გზებზეც და უკვე ტროტუარებზეც), რომ მალე ან უჟანგბადოდ სუნთქვა უნდა დავისწავლოთ, ან კარლსონივით გადაადგილება. მიუხედავად ამ პრობლემის სიმწვავისა, რაც უკვე არასპეციალისტითვისაც თვალსაჩინოა, თბილისის მიწათმოქმედების გენერალური გეგმა, რომლის მომზადებაც 2 მილიონ 800 ათასი ლარი დაჯდა, მას საერთოდ არ ეხება. ანუ დედაქალაქის განვითარებას ძველ გზებზე (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის რუკაზე ძველი, ანუ არსებული საგზაო კომუნიკაციებია დატანილი) აპირებს. საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე გაგვარკვევს, რა საგზაო სირთულეების წინაშე დგას დედაქალაქი და კიდევ არის თუ არა ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა.

– მართალია, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საერთოდ არ ითვალისწინებს ამ პრობლტმას და არანაირ საშუალებას არ გვთავაზობს მის გადასაჭრელად, მაგრამ ის მაინც ვთქვათ, რა პრობლემებია დედაქალაქში, საიდანაც ავტომობილები მალე, ალბათ, გააძევებენ ადამიანებს?
– რთული კითხვაა და ამ საკითხის ერთი ხელის მოსმით გადაჭრაც უკვე შეუძლებელია, იმდენად გადავაქციეთ თბილისი ავტომობილების და არა ადამიანების ქალაქად. წლების განმავლობაში არაერთხელ მითქვამს ინტერვიუებსა თუ პირად საუბრებში ჩინოვნიკებთან, რომ, როდესაც პანტაპუნტით გაიცემა მშენებლობის ნებართვები, ამ ვიწრო ქუჩებში სად მიგვყავს ამდენი ავტომანქანა?! ერთია პარკირების პრობლემა: საცხოვრებელ სახლს, რომელშიც 42 ბინაა, ავტოპარკინგისთვის აქვს ხუთი ადგილი. სად უნდა წავიდეს ეს მანქანები? ცხადია, ქუჩაში. მაგრამ ასეთი სახლები ისეთ ვიწრო ქუჩებშია აგებული, რომ, ესე იგი, სხვა ქუჩებზე უნდა გადანაწილდეს იმ სახლში მცხოვრებთა ავტომანქანები, მაგრამ იმ ქუჩებზეც ხომ არის საცხოვრებელი სახლები?!
– და ის მანქანები ხომ უნდა მივიდეს იმ საცხოვრებელ სახლთან?
–დიახ, პარკინგსაც რომ თავი დავანებოთ, ქუჩების გამტარიანობაც პრობლემაა და ესეც მარტივად დასათვლელია. ფორმულითაც და რეალურადაც. არაერთხელ შევთავაზე ქუჩების გამტარიანობის დათვლა თითქმის ყველა ოფიციალურ სტრუქტურას, ცალკე ჯგუფის გამოყოფაც შეგვეძლო, რომლებიც ფიზიკურად დაითვლიდნენ, თუ როგორია ამა თუ იმ ქუჩის გამტარიანობა, რომ, აქედან გამომდინარე, მიეცათ ან არ მიეცათ იმ ქუჩებზე მშენებლობის ნებართვები. მაგრამ ეს პერიოდი უკვე ჩავლილია, იმიტომ რომ უკვე აშენდა უამრავი შენობა ასეთ ქუჩებზე და ახლაც მიმდინარეობს მშნებლობები. რა უშველის უკვე არსებულ ვითარებას? პირადად მე მაქვს ამ პრობლემის გადაწყვეტის ორი ვარიანტი: პირველი – დედაქალაქის მერიამ, უნდა თუ არა, უნდა შეისყიდოს ძველი სახლი ან ცარიელი ტერიტორია და გააკეთოს იქ პარკინგი, რომ შეიქმნას პრეცედენტი და შეძლოს, თქმა: ჩამოდით ტროტუარებიდან და შედით პარკინგზე; მეორე, ადრე თუ გვიან, დედაქალაქის მერიას მოუწევს ძველი სახლებისა და ტერიტორიების შეძენა და მათი საავტომობილო გზებად გადაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება ცენტრში ავტომანქანების მოძრაობის აკრძალვა.
ამჟამად ვმოძრაობ სკუტერით, საცობების გამო გადავწყვიტე, რომ ერთი ნაკლები მანქანაც შეეშველებოდა ვითარებას და ვათვალიერებ ტროტუარებს, რამდენი სივრცე აქვთ ფეხთ მოსიარულეებს, სკუტერზე გამონაბოლქვის სისქეც უფრო იგრძნობა, სხვათა შორის. არც ერთი ეტლით მოსარგებლე არ შემხვედრია ამ პერიოდის განმავლობაში. ისმის კითხვა: რატომ?
– შეუძლებელია გადაადგილება მათთვის და იმიტომ.
–დიახ, მეც ამ დასკვნამდე მივედი. ამიტომ უნდა ჩავატარო ექსპერიმენტი, ჩავჯდე შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანის ეტლში, დავამაგრო კამერა და მოვიარო ქალაქის ცენტრი. ვიცი, რომ მომიწევს პოლიციაში დარეკვაც, რომ მოვახერხო ტროტუარზე ასვლა, რადგან ეტლით მოსაგრგებლეთათვის ასავლელები დაკავებული აქვს მანქანებს. ფეხით მოსიარულეებს სჭირდებათ სივრცე და მით უმეტეს, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გადაადგილების პრობლემა, ისინი უბრალოდ ვერ გამოდიან სახლებიდან, იმიტომ რომ მათთვის გადაადგილება შეუძლებელია. ამ პრობლემების გადაწყვეტა იქნება ძალიან რთული. ჩვენ ან უნდა ავრძალოთ ავტომანქანების მოძრაობა ქალაქის ცენტრში, ან გამოვიყენოთ ლონდონის გამოცდილება: იქ ქალაქი ცენტრში პარკირება ღირს იმდენად ძვირი, რომ არავსი უღირს მანქანით შესვლა და დიდხანს გაჩერება.
– ცენტრის გადაკეტვა დატვირთავს სნაპიროებს, აქვს სანაპიროებს მანქანების დამატებითი ნაკადის მიღების საშუალება?
–სანაპიროები საკმაოდ განიერი გვაქვს და ავტომობილები არც ისე ბევრია, რომ გამტარუნარიანობა არ უზრუნველყოს.
– მაგრამ სულ საცობია სანაპიროზე.
– ამის ერთი მიზეზია ავტომობილის არასწორი მართვა, მე ამას უკულტურო მართვას ვუწოდებ და ამაში ჩართულია საპტრულო ეკიპაჟებიც, რომლებიც ისევე მართავენ ავტომობილებს, როგორც მოქალაქეები. მათთვისაც მისაღებია, როდესაც ჩქაროსნულ ზოლში ნელა მოძრაობს მანქანა, პირველ ზოლში კი ვიღაც ცდილობს გასწრებას. ეს ქაოსი სადღაც უნდა დამთავრდეს და სადაც მთავრდება, ანუ სადაც სწრაფად და ნელა მოძრავი ავტომანქანები ხვდებიან ერთმანეთს, იქ იქმნება საცობი. ასევე, არასწორადაა გზების გადაბმებიც. მაგალითად, „ვეფხისა დამოყმის“ ძეგლთან მანქანების რამდენიმე ნაკადი ხვდება ერთმანეთს და, გინდა თუ არა, ამ ნაკადებს არეგულირებს შუქნიშანი. არადა შუქნიშანი კარგი იყო, როდესაც ძალიან ცოტა ავტომობილი მოძრაობდა, ახლა, როცა ბევრია, ნაკადები ერთმანეთს უნდა ააცილო შუქნიშნის გარეშე. ამ პრობლემის ელემენტარული გადაწყვეტა შემდეგნაირია: უნდა გაკეთდეს მინი-გვირაბები და, შესაბამისად, მცხეთიდან მომვალი მანქანა შუქნიშანთან კი არ გააჩერებს, არამედ ჩაყვინთავს გვირაბში და გავა პირდაპირ სანაპიროზე. არც გაგარინის მოედნიდან წამოსული გაჩერდება შუქნიშანთან, ჩავა გვირაბში და გააგრძელებს გზას დიღმისკენ. აი, ასეთი მარტივი საშუალებებით შეგვიძლია, ვუშველოთ გადატვირთულ მოძრაობას. შუქნიშნების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, რადგან შუქნიშანი პრობლემას კი არ ჭრის, არამედ ერთი შექნიშანი ნიშნავს ერთ დამატებით წერტილს საცობისთვის.
– თუ გითქვამთ ეს მოსაზრებები დედაქალაქის ხელმძღვანელობისთვის, თუ განგიხილავთ მათთან ერთად ეს პრობლემები?
–არაერთხელ გვიმსჯელია ამ თემებზე. ისმენენ, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილს ითვალისწინებენ. ასახელებენ ორ მიზეზს: ერთი, რომ ფინანსურად ძვირი დაჯდება ასეთი გზების მშენებლობა და, მეორე, რომ ბიუროკრატიული აპარატი ისეა მოწყობილი, რომ უამრავი ლაბირინთი უნდა გაირაოს პროექტმა, რომ განხორციელდეს და ამას დასჭირდება დიდი დრო.
– მაგრამ ოდესმე ხომ უნდა წაიყო, რომ ამ ბიუროკრატიულ ლაბირინთს თავი დავაღწიოთ? ერთ დღეს დედაქალაქი უბრალოდ გაუვალი გახდება.
– მეც ამას ვამბობ, მოდი, დავიწყოთ ქალაქის ცენტრიდან და გავათავისუფლოთ საცობისგან პირველივე პუნქტი, რომელიც შეგვხვდება; შემდეგ მივყვეთ ოთხივე მხარეს. მთავარი ისაა, რომ, როგორც უნდა გათვალო წინასწარ ფურცელზე, რეალობა მაინც განსხვავებული აღმოჩნდება. ამიტომ პრაქტიკულად უნდა მიუდგე საკითხს. რაღაცეები ისე გააკეთეს, როგორც უცხოელმა სპეციალისტებმა ურჩიეს, ნაწილმა იმუშავა, ნაწილმა უარესი პრობლემა შექმნა. ამდენად, აუცილებელია, იცნობდე შენს ქალაქს, მის მოძრაობასის კი არ არის მთავარი, რა სიგანე აქვს ქუჩას და რამდენ მანქანას გაატარებს, არამედ ის, თუ საიდან რა ოდენობის ნაკადის მოდის მანქანების. მხოლოდ უცხოელი სპეციალისტების გამოცდილებას არ უნდა დაეყრდნო, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ადგილობრივი სპეციალისტების აზრიც, რომლებიც სიტუაციას უკეთ იცნობენ.
– ესტაკადამ გმირთა მოედანზე განტვირთა მოძრაობა თუ სულ ასეთი საცობი იქნება?
–როდესაც გმირთა მოედნის ესტაკადები დაიხაზა, ჩვენ, საავტომობილო ფედერაციის ჯგუფმა, მაშინვე ვთქვით, სად გაიჭედებოდა მოძრაობა. ვამბობდით, რომ ავტომობილების ნაკადები დაეჯახებოდა ერთმანეთს და მართლაც ასეა. ესტაკადები ცუდი არ არის, ოღონდ კარგად უნდა გააზრება. უკვე არსებულის გადაკეთება კი ძალიან რთულია.
მე მქონდა კიდევ ერთი შეთავაზება, რასაც მსოფლიოში არ აქვს ანალოგი. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან კარგად უნდა იმუშაოს თბილისში. ამ პროექტს დავარქვი – „70-30-ზე“, ვაკეთებინებ მის „სამ დე“ გრაფიკას და გამოვაქვეყნებ სოციალურ ქსელში. შესაძლებელი იყო ამ პროექტის განხორციელება, როდესაც პეკინის ქუჩა იყო გადათხრილი. აგიხსნით, რას ვგულისხმობ: მაგალითად, მერიასთან არის ფეხით მოსიარულეთა გადასავლელი, რკინის ხიდი, რომელიც 5 მეტრის სიმაღლეზეა. ფეხით მოსიარულეთათვის რომ მიწისქვეშა გასასვლელი გაკეთდეს, მასაც სჭირდება სიღრმე, თუმცა არა ხუთმეტრიანი. მაგრამ გარკვეულ სიღრმეზე ჩასვლა მაინც მოგვიწევს მიწის ქვემოთ. ამიტომ ჩემს პროექტში ფეხით მოსიარულე 30-პროცენტით ჩადის მიწის ქვემოთ, ხოლო მანქანა 70-პროცენტით ადის მიწის ზემოთ. არც მანქანისთვის, არც ველოსიპედისთვის და არც ეტლისთვის პრობლემა არ არის 70-პროცენტიანი დახრილობის დაძლევა. არც შუქნიშნის საჭიროება იქნება და არც ფეხით მოსიარულეთა ზებრის. მანქანები აღარ გაჩერდებიან, რაც საცობის მნიშვნელოვანი პრევენციაა, რადგან ახალბედა მძღოლი და, მაგალითად, მამაჩემი, სანამ ამოძრავდება „მწვანის“ ანთებისას, შუქნიშანზე უკვე „წითელია“, რაც აფერხებს მათ უკან მდგარ მანქანებს. ამობურცულობის პირობებში კი ისინი ისე გავილიან, რომ არ შექმნიან საცობს.
– და გამონაბოლქვიც ნაკლები იქნება.
– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაძვრის მომენტში გამონაბოლქვი მეტია, ვიდრე მოძრაობისას. ასეთი გადასავლელების გაკეთება სხვაგანაც შეიძლება. მაგალითად, სანაპიროზე, იმიტომ რომ მთელ სანაპიროზე ხელის თითებზე ჩამოსასვლელი გადასასვლელი ზებრებია. არადა პრეტენზია გვაქვს, რომ თბილისი ტურისტული ქალაქია. და ტურისტი რამენაირად ხომ უნდა მოხვდეს სანაპიროზე, რომ გაისეირნოს?! ისევ იმ წერტილში უნდა დაბრუნდეს, საიდანაც სანაპირზე მოხვდა, ანუ დიდი მანაძილის გავლა უწევს. ამიტომ საჭიროა ასეთი გადასასვლელები, ბორცვისებური ამაღლებები რომ იყოს სანაპიროზე, მანქანებიც მარტივად გაივლიდნენ და ფეხით მოსიარულეებიც. დღეს ეტლით სანაპიროზე ჩასვლა შეუძლებელია, ველოსიპედით კიდევ რამენაირად მოხვდები, თუ იწვალებ.
– მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ლაპარაკია მდინარე მტკვრის განვითარებაზე და თუ მისასვლელი არ იქნა, როგორ უნდა ჩაერთოს მდინარე ქალაქის განვითარებაში?
–მეც ვფიქრობ, რომ ჩვენი სანაპირო ძალიან კარგი სასეირნო ადგილია, თუ მისადგომი ექნება. ასეთი შემაღლებები კი არა მხოლოდ ამ პრობლემას მოაგვარებდა, არამედ ავტომანქანების მოძრაობის სიჩქარესაც შამცირებდა. ამაღლებაზე ასვლისას, გინდა თუ არა, სიჩქარეს ანელებ.
– რამდენად მართებულად მიგაჩნიათ, როდესაც პეკინის ქუჩის გაცალმხრივებაზე აზრს ეკითხებოდნენ მოქალაქეებს? ეს სპეციალისტმა არ უნდა გათვალოს?
–მეც ვფიქრობ, რომ გამოკითხვა არასწორია, რადგან აზრას ეკითხები დაინტერესებულ მხარეს. თუ მე დაინტერესებული ვარ, რომ იქ მანქანა გაჩერდეს, რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ უნდა გაჩერდეს. ამდენად, პროფესიონალმა უნდა გადაწყვიტოს, რა ჯობია ქალაქისთვის. ცალმხრივი მოძრაობა, ცხადია, განტვირთავს მოძრაობას, რადგან, რაც უნდა ცუდად იმოძრაონ მანქანებმა, როდესაც გზა ფართოა, საცობი არ იქმნება. თუმცა საცობებს ქმნის შესახვევებიც. ამიტომაც, მაგალითად, ბალტიისპირეთში საერთოდ გააუქმეს შეხვევა, ზედმეტი მანძილი უნდა გაიარო, მოსახვევში უნდა მოუხვიო და გადახვიდე მეორე მხარეს. შენიშნავდით, რომ პეკინის ქუჩაზე, სანამ ბახტრიონის ქუჩაზე შეუხვევ,ს ულ საცობია: მესამე ზოლი დაკავებულია იმ მანქანებით, რომლებიც უხვევენ მარცხნივ, პირველ ხაზში სამარშრუტო ტაქსია გაჩერებული და რჩება შუაში ვიწრო ზოლი. ასე რომ, ცალმხრივი გზაც არის გამოსავალი, ოღონდ როგორი გამტარობაც აქვს იმ ცალმხრივ გზას, იმდენი გაწოვა უნდა ჰქონდეს დაბოლოებებში. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია დაბოლოებები და ძალიან ბევრი ფიქრია საჭირო იმისთვის, თუ როგორ უნდა მოეწყოს გაგარინის მოედანი, რომ იქ საცობი არ შეიქმნას, თ პეკინის ქუჩა გახდება ცალმხრივი. მანდაც, ჩემი აზრით, აცდენილი გზები უნდა გაკეთდეს, რომ შუქნიშანი არ იდგეს.
– სანამ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე დაიწყებოდა მუშაობა, თუ გაიარეს თქვენთან კონსულტაცია მერიიდან?
– ვერ ვიტყვი, ბევრიო, მაგრამ კონსულტაციები გვქონდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კონსულტაციები იმართება კონსულტაციებისთვის, რომ ითქვას, შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთო.
– თუ არ აისახება შედეგზე, რა აზრი აქვს? ვის ვატყუებთ?
– მეც აგას ვამბობ. ბევრი გვიმსჯელია და რეალურად ერთი პროცენტი თუა მხოლოდ გათვალისწინებული. შემდეგ გამოდის, რომ უცხოელებს ვეკითხებით ან ძველს გადმოვიწერთ, იმიტომ რომ ახლის დაწერას ბევრი დრო უნდა ან საერთოდ არ არის დამწერი.
– მაგრამ ხომ არის დამწერი?
–ნებისმიერს მოვუყვები სხაპუსხუპით, რა როგორ უნდა გაკეთდეს და მე არ ვარ მარტო, ვართ ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც ეს პრობლემები გვტკივა, გვაწუხებს, ამაზე ბევრი გვიფიქრია, გვიკამათია და გამოგვიდნია სწორი გადაწყვეტილებები.

ნანა მდივანი

banner
წინა სტატიაშიალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაქარიშხალმა მთლიანად გაანადგურა კუნძული ბარბუდა