გამოძიების დაწყება და პასუხისმგებელ პირთა დასჯა აუცილებელია – ომბუდსმენი ფარულ ჩანაწერებზე

საქართველოს სახალხო დამცველი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ “მთავარ აქცენტებში” გასაჯაროვებულ სუს-ის უკანონო მოსმენებზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აუცილებელია გამოძიება დაიწყოს, რათა პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.

“გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს, სახალხო დამცველი გამოძიების დაწყებას და უკანონო მიყურადებაზე პასუხისმგებელ პირთა დასჯას აუცილებლად მიიჩნევს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე დაწყებული გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს და მეტწილად უშედეგოდ გრძელდება”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველისა და სხვადასხვა მოქალაქის სარჩელები და არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მოსმენა-მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა. თუმცა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ სტანდარტებს კვლავ ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით კიდევ ერთხელ მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა 2018 წელს დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული.

“სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ფარული მიყურადების მოქმედი სისტემის შესამოწმებლად. ასევე აუცილებელია საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერება და მეტი ინსტრუმენტისა და მექანიზმის შემოტანა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მძიმე პრაქტიკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი ასევე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება ხსენებული რისკების არსებობა და მათზე მყისიერი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობა”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია… მერე გვიანი იქნება – ბიძინა კულუმბეგოვი
შემდეგი სტატია‘’ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი პოლიტიკური დანაშაულების გამო საქართველომ გაითქვა სახელი, როგორც ყველაზე პრობლემურმა ქვეყანამ’’ – გიგა ბოკერია