გამოძიების ასე ერთ დღეში შეწყვეტა გაუგებარია

“თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატისთვის გაუგებარია თუ რატომ შეწყვიტა ერთ დღეში პროკურატურამ გამოძიება იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც ხაზარაძემ გამოძიებას წარუდგინა. როგორც ზვიად კორძაძემ გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შეფასებისას აღნიშნა, როგორც კი მათ ექნებათ ექსპერტიზის დასკვნა წერილის დედანთან დაკავშირებით, მას გამოძიებას წარუდგენენ.

„ჩვენი პოზიცია მარტივია, მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას მისცა ჩვენება. როგორც კი გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, გამოძიებას მასაც წარვუდგენთ. ხაზარაძემ გამოძიებას დაუსახელა ის პირები, ვისთანაც ამ წერილზე ისაუბრა იანვარში, მათ შორის ელჩები და ბიზნესმენები. მან დაასახელა ის ორი პირი, ვისაც იმ საღამოსვე ესაუბრა, როცა წერილი მიიღო და ჩემთვის ცოტა გაუგებარია გამოძიების ასე ერთ დღეში შეწყვეტა“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურას შეეძლო თუნდაც ის ადამიანები გამოეკითხა, ვისაც ხაზარაძემ ეს ინფორმაცია მიაწოდა, ვინაიდან მათ შეიძლება რაიმე ისეთი ინფორმაცია ჰქონდეთ, რაც გამოძიებას გამოადგებოდა.

რაც შეეხება წერილის გამოქვეყნებას, ხაზარაძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ „ფაქტი დადებითია, ვინაიდან საზოგადოება გაეცნობა, თუ რა წერია იქ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა გაუგზავნა. ამასთან, პროკურატურის განცხადებით, ხაზარაძემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი ხაზარაძეზე – „სანამ განცხადებას გავაკეთებთ, ყველას გვევალება რომ სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი“
შემდეგი სტატიაეს წერილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანია, რუსეთის მსგავსი პოლიტიკური სივრცე შექმნას