გამყრელიძე – 2.5 მლნ აცრა თუ ჩატარდება, ამას თუ გავაკეთებთ და მილიონ 250 ათასი ადამიანი აიცრება, სერიოზულად გავტეხავთ ეპიდემიას წელში

2.5 მლნ აცრა თუ ჩატარდება, ამას თუ გავაკეთებთ და მილიონ 250 ათასი ადამიანი აიცრება, სერიოზულად გავტეხავთ ეპიდემიას წელში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეპიდემიის დამთავრების გზა გადის აცრებზე.

„აცრის გარეშე ჩვენ ამ პანდემიას ვერ დავასრულებთ, როგორმე უნდა მოვახერხოთ. ჩემი პროგნოზით, აგვისტოს ბოლოს ჩვენ სადღაც 650 000 აცრას გადავაბიჯებთ და სექტემბერში ეს უნდა ავიდეს აუცილებლად 800 000-მდე. შემდგომ, ოქტომბერში კიდევ ერთი ამდენი, რომ ამ სამი თვის განმავლობაში, როგორც მოგახსენეთ, სულ მცირე სადღაც 2.5 მლნ აცრა ჩატარდეს. თუ ამას გავაკეთებთ, 2.5 მლნ აცრა ნიშნავს მილიონ 250 ათასი ადამიანის აცრას, ჩვენ სერიოზულად გავტეხავთ ეპიდემიას წელში.

ამიტომ ყველას გთხოვთ, რომ მთავარი გზა ამ ეპიდემიის დამთავრების გადის აცრებზე და მეორე მხრივ – წესების დაცვაზე. ვიყოთ მეტად მოკრძალებული ამ თვეების განმავლობაში. შევიკავოთ თავი დიდი თავშეყრებისგან.

ახლა სერიოზულად მიდის მონიტორინგი და აღსრულება ნებისმიერი ქორწილის, ქელეხის, წვეულების, კონცერტის და ა.შ. არ არის ახლა ამის დრო, როცა ქვეყანაში ყოველდღიურად 30-40 და მეტი სიკვდილი გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ხაზი დღეს აცრაზე გადის