გალის ქართულ სკოლებში ქართულად სწავლების აკრძალვამ თავისი პირველი შედეგები უკვე გამოიღო

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ადგილობრივიგალის ქართულ სკოლებში ქართულად სწავლების აკრძალვამ თავისი პირველი შედეგები უკვე გამოიღო – ადგილობრივთა ცნობით, გალელმა ბავშვებმა ახლა წესიერად არც ქართული იციან და არც რუსული, იმ მოსწავლეებში კი, რომლებიც სწავლების ქართულიდან რუსულ ენაზე გადასვლამდე მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ, ცოდნის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია.

ყოველივე ამასთან ერთად, უშუალოდ ქართულ სკოლებში აუტანელი მდგომარეობაა. პრაქტიკულად ნებისმიერ დაინტერესებულ პირს – სხვადასხვა დე ფაქტო სტრუქტურის ნებისმიერ წარმომადგენელს – უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შევიდეს საკლასო ოთახში, მათ შორის იარაღითაც, გამოჰკითხოს მასწავლებელი და მოსწავლეები, გაჩხრიკოს მოსწავლეთა ჩანთები მათში ქართული სახელმძღვანელოების პოვნის მიზნით და ა.შ. ასეთი შემოწმებების შედეგი ისაა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს გალში 1 სკოლის დირექტორი და 8 მასწავლებელი მოხსნეს იმის გამო, რომ ისინი მოსწავლეებს ქართული სახელმწიფოს შესახებ დადებით კონტექსტში ესაუბრებოდნენ.

ყოველივე ამის გამო სულ უფრო და უფრო მეტი მშობელი ცდილობს შვილის გადაყვანას ენგურის მეორე მხარეს მდებარე რომელიმე სკოლაში. სოხუმში კი ამ სიახლის დადებით მხარეებზე საუბრობენ.

როგორც დე ფაქტო განათლების მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვარამიამ სააგენტო “სპუტნიკთან” საუბრისას განაცხადა, მანამდე გალის დაბალი ზონის სკოლებში საქართველოს განათლების სამინისტროს სასწავლო პროგრამა მოქმედებდა, რის გამოც “ბავშვები მკაფიოდ იყვნენ ორიენტირებული განათლების საქართველოში მიღებაზე”.

“დღეს ამ ბავშვებს აქვთ პერსპექტივა, ისწავლონ ჩვენს უნივერსიტეტში, ან სწავლა გააგრძელონ ლიმიტებით. მათთვის ეს შესაძლებლობები გაიხსნება”, – დასძინა გვარამიამ.

აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის მანანა ქვაჩახიას განცხადებით, აფხაზეთში ბოლო პერიოდში 8 პედაგოგი გაათავისუფლეს. ამის მიზეზი კი მასწავლებელთა “განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები იყო”. ქვაჩახიას თქმით, დღემდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ პედაგოგთა დაშინების ფაქტები ხდება. მან ჩვენთან აფხაზეთში არსებულ მასწავლებელთა და მოსწავლეთა სხვა პრობლემებზეც ისაუბრა.

“2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში აფხაზეთში ქართული ენის 8 პედაგოგი გაათავისუფლეს. გასულ წელს კი ოქუმის საშუალო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს. ეს ადამიანები გაკვეთილებზე ბავშვებს საქართველოს შესახებ დადებით კონტექსტში ესაუბრებოდნენ.

“აფხაზეთში პედაგოგები ქართულ ენაზე მალულად ასწავლიან. ისინი დიდი რისკის ფასად აკეთებენ ამას.

“ბევრი ბავშვი რუსულ ენაზე სწავლას ვერ ახერხებს და მშობლებს სასწავლებლად მათი ენგურს აქეთ გადმოყვანა უხდებათ. აფხაზურ სკოლებს დაწყებითი კლასის მოსწავლეები ტოვებენ, 2015-2016 წლებში ამის თაობაზე 60-ზე მეტი განცხადება შემოვიდა. ისინი იძულებულები არიან, ზუგდიდში გადავიდნენ, რადგან რუსულ ენაზე სწავლა არ შეუძლიათ. იქაური ე.წ. ხელისუფლება ბრძანებებს გასცემს, აშინებს პედაგოგებს, რომ ქართულად არ ასწავლონ და არ ისაუბრონ მოსწავლეებთან”, – განუცხადა “მთელ კვირას” ქვაჩახიამ.

გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია “მთელ კვირასთან” საუბარში განმარტავს, რომ 2014-2015 სასწავლო წელს გალის ქვედა ზონის თერთმეტ სკოლაში ქართული ენის სწავლების პროცესი მიმდინარეობდა. თუმცა, ეს საათები 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისში შემცირდა. შონია ჩვენთან წელს გალელი მოსწავლეების რუსულენოვან სწავლებაზე გადაყვანის ფაქტებზეც საუბრობს.

“ტყვარჩელისა და ოჩამჩირის თითქმის ყველა სკოლა 2008 წლამდე ქართულენოვანი გახლდათ. 2008 წლის აგვისტოდან ტყვარჩელისა და ოჩამჩირისათვის გადაცემულ გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა. იქ ქართული ენისთვის ერთი საათიც კი არ არის გამოყოფილი.

“2014-2015 სასწავლო წლამდე გალის ქვედა ზონაში, ენგურს მოსაზღვრე ზოლში თერთმეტი სკოლა ინარჩუნებდა ქართული ენის სწავლების პროცესს. თერთმეტ სკოლაში ფაქტობრივად ქართულენოვანი სწავლება მიმდინარეობდა.

“2014-2015 წლებში ქართული ენის საათები კლასების მიხედვით შემცირდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისში, სექტემბერში შეიქმნა, როდესაც ქვედა ზონის თერთმეტივე სკოლის პირველ-მეოთხე კლასებში ბავშვების რუსულ ენაზე გადაყვანა ფაქტობრივად ერთი ხელის მოსმით მოხდა. ისე, რომ არ გაითვალისწინეს რუსულ ენაში ბავშვებიც ცოდნის დონე, მათ ყველა საგანი რუსულად უნდა ისწავლონ და ქართულ ენას, როგორც რიგით საგანს, სულ სამი საათი დაუტოვეს. ორი ლიტერატურას, ერთი კი ენას. გალის ქვედა ზონის მე-8-11 კლასებში ქართულ ენას სულ ორი საათი დაეთმო”, – განმარტა შონიამ.

ნონა შონია ჩვენთან იმ შეზღუდვებზე საუბრობს, რაც გალში მასწავლებლებს ქართული ენის სწავლებისთვის აქვთ. შონიას თქმით, თუ მასწავლებელი ღონისძიებას ქათულ ენაზე ჩაატარებს, მას სკოლას და საცხოვრებელ ადგილსაც დაატოვებინებენ. რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მასწავლებლებს გაკვეთილების მსვლელობის პროცესში ზოგჯერ შეიარაღებული პირებიც ამოწმებენ.

“ადგილობრივი ე.წ. უშიშროების სამსახურები ტყვარჩელისა და ოჩამჩირის სკოლებში შედიან და უკრძალავენ ქართული ენის სწავლებას. მეტიც, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჩანთებს უმოწმებენ. აინტერესებთ, რომელი სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს სწავლა.

“გალის ქვედა ზონაში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, სკოლის გარეშე პირს (ე.წ. განათლების მინისტრს, მინისტრის მოადგილეს, პროკურორს, შეიარაღებულ პირს) შეუძლია შესვლა და იმის შემოწმება მიმდინარეობს თუ არა ქართულ ენაზე სწავლება. ქართულ ენაზე ღონისძიების ჩატარებისთვის შესაძლოა მასწავლებელს სკოლა და საცხოვრებელი ადგილიც დაატოვებინონ. ასეთი ფაქტები ადრე მომხდარა”, – აღნიშნა შონიამ.

გალის ქვედა ზონის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი “მთელ კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მასწავლებლები გაკვეთილებს რუსულ ენაზე ატარებენ და მათ ქართულად საუბარი ეკრძალებათ. პედაგოგის თქმით, რუსულ ენაზე სწავლის გამო, იმ მოსწავლეებსაც კი, რომლებიც სწავლის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდნენ, ახლა ცოდნის დონე საკმაოდ დაბალი აქვთ.

“აფხაზურმა მხარემ 2015 წელს ქართველი პედაგოგებისთვის რუსულ ენაზე სამთვიანი ტრენინგი ჩაატარა.

2015 წლის სექტემბრიდან მეექვსე კლასამდე ყველა საგანში გაკვეთილებს რუსულ ენაზე ვატარებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურას კვირაში მხოლოდ ორი საათი ეთმობა.

“ჩვენ ქართულად სწავლების უფლება წაგვართვეს. ამან გამოიწვია ის, რომ გალში ბავშვებმა არც ქართული იციან ნორმალურად და არც რუსული. მოსწავლეთა რაოდენობა აფხაზურ სკოლებში განახევრდა. ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა აქვთ. წარჩინებული მოსწავლეებიც კი ჩამორჩნენ სწავლის პროცესს. როდესაც ჩვენ ე.წ. ადმინისტრაციას ამ პრობლემებზე შევჩივლეთ, მოგვცეს ნებართვა, გაკვეთილზე გვესაუბრა მეგრულად, მაგრამ არა ქართულად”, – განმარტა პედაგოგმა.

წყარო: “რეზონანსი”

banner
წინა სტატიაშიანკარა: სირიის საზღვარზე თვითმკვლელის ქამრით ჯიჰადისტები დააკავეს
შემდეგი სტატია“პირველი პასუხი უნდა იყოს, სწორედ, უსაფრთხოების პრევენცია” – თინა ხიდაშელი