გახარიას პარტიის სახეები ხოლარდავა და ჩუგოშვილი იქნებიან?!

ხვალ,  31 მარტს გიორგი გახარია ზუგდიდში პარტიის შექმნასთან  და მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადებას  გააკეთებს.

„თაიმერის“ ინფორმაციით, გახარიას გუნდში იქნებიან: ახალი სახეები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები მათ შორის, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები თამარ ხულორდავა და თამარ ჩუგოშვილი. ხულორდავა „თაიმერის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს,ჩუგოშვილი კი ჩვენთან საუბრისას ინფორმაციას არ ადასტურებს. ჩვენივე ინფორმაციით საკრებულოს მანდატს დატოვებენ ზუგდიდის, წალენჯიხის, მარტვილის, აბაშაშის, ხობისა და სენაკის საკრებულოს წევრები.

როგორც ჩანს, პრეზენტაციის თარიღს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება. 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“, რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.

ბოლო პერიოდია, განსაკუთრებით აქტუალურია ყოფილი პრემიერის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის თემა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ გახარია ივანიშვილის მორიგი ტრიუკია, ნაწილი კი მას რუსულ პროექტად მოიხსენიებს. თუმცა ცხადია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან გახარიას მისამართით დადებითი შეფასებები კეთდება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ, 24 მარტს, განაცხადა, რომ “გახარიამ (თანამდებობიდან გადადგომით) გვანახა, რომ იქცევა, როგორც სახელმწიფო მოღვაწე“.

ყოფილმა პრემიერმა, 22 მარტს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და მეტიც პოლიტიკიდანაც არ მიდის. გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა, ამის მიზეზად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისმ ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა.

ავტორი: ნენე ინჯგია

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – მასობრივ იმუნიზაციაზე დიდი ალბათობით, ივლისიდან გადავალთ
შემდეგი სტატია9 აპრილს საქართველოს მარადისობის დღის დაფუძნების ორგანიზატორებმა თბილისის მერიაში განცხადება შეიტანეს