გახარიამ მთავრობა იის ყვავილობის რეჟიმზე გადაიყვანა

იანვრიდან მოყოლებული მმართველ გუნდში აქტიურად განიხილებოდა გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადაყენების საკითხი. ბიძინა ივანიშვილს მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა. ეს „ქართულ ოცნებაშიც“ იცოდნენ და გიორგი გახარიას ერთგვარი უნდობლობაც კი გამოუცხადეს.

როგორც „თაიმერს“ „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო უყვება, მინისტრები გახარიას ფაქტიურად აღარ ემორჩილებოდნენ. იანვრის თვეში მცხეთაში გამართულ „ოცნების“ კორპორატიულ ქეიფზე, პრემიერს სადღეგრძელოც კი არ ათქმევინეს.
უფრო ადრე, პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის მინისტრის შეცვლის უფლება არ მისცეს. გახარიას თითქმის მოხსნილი ჰყავდა ნათია თურნავა, მაგრამ ვანო ჩხარტიშვილის აქტიურობით, თურნავამ პოსტი შეინარჩუნა. მოქმედი პრემიერის გავლენები კი შესუსტდა. „ოცნების“ ჩინოსნებს ივანიშვილთან გახარიაზე „დანოსებიც“ მიჰქონდათ. იმასაც შთააგონებდნენ, რომ ეს უკანასკნელი ახალგაზრდების თვალების დათხრასთან არის ასოცირებული და მას თუ მოვხსნით, ხალხის გულსაც მოვიგებთო. არადა, ყველამ კარგად იცოდა, რომ 20 ივნისს აქციის მონაწილეებისთვის სროლის ბრძანება გახარიას არ გაუცია.
მეოცნებეების მიერ მიტანილმა „დანოსებმა“ და ჭორებმა აუცრუა ივანიშვილს გული გახარიაზე. ის ბოლო მომენტამდე აქტიურად ეძებდა მის შემცვლელს. ვანო ჩხარტიშვილის ჩართულობით პრემიერის პოსტზე ნათია თურნავას კანდიდატურაც კი შეარჩიეს.
მთავრობის მეთაურს რომ საქმე კარგად არ ჰქონდა, ეს თავად გახარიას და მინისტრების კომენტარებიდანაც ჩანდა. ბოლო დღეებში კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო გვიყვება, რომ გახარიამ ივანიშვილთან საქმე მოაგვარა და პოზიციები კვლავ გაიმყარა. მთავრობის მეთაური რომ ახლა მყარად არის, ეს მინისტრების კომენტარებიდანაც ჩანს. როდესაც სამთავრობო ცვლილებებზე ეკითხებიან, მერცხლების ჭიკჭიკსა და იის ყვავილობაზე იწყებენ საუბარს. კახა კალაძემ კი ცხოვრებაში პირველად უწოდა გახარიას ძლიერი პრემიერი, არადა ამ თანამდებობაზე მასაც ეჭირა თვალი.
მთავრობის მეთაურის პოსტზე მის გარდა არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაც განიხილებოდა. მათი დაწინაურება იმაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ გაართმევდნენ დასავლეთში საქმეს თავს. დასავლურ ფრონტზე თალაკვაძეც დამარცხდა და კალაძეც. ყვითელი ბარათით გამოუშვეს პარლამენტის სპიკერი ვაშინგტონიდან, ხოლო კალაძე – სტრასბურგიდან.
ბოლო დროს კალაძესაც გაფუჭებული ჰქონდა ურთიერთობა ივანიშვილთან. მის წინააღმდეგ „ოცნების“ მამა სერიოზულად აამხედრა გოგა ხაინდრავამ. ხაინდრავა მერს იმიტომ გადაეკიდა, რომ მას დიღომში მიწა არ გადაუფორმა და ვაკეში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არ მისცა. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, გახარიას მსგავსად ივანიშვილთან კალაძემაც დაალაგა ურთიერთობა.
ახლა ყველაზე შავად საქმე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს აქვს, რომლის თავხედობაც ყველა საზღვარს გასცდა. როდესაც პარლამენტში იბარებენ, არ მიდის; ხოლო თუ მივიდა, უზრდელური ჟესტებით საუბრობს.
მთელი მთავრობა გაზაფხულის დადგომას ელოდება. ჩვენც დაველოდოთ და ისიც გავითვალისწინოთ, რომ მთავარი მეოცნებე ძალიან ხშირად ცვლის გადაწყვეტილებებს და დღეს თუ მან კალაძეს და გახარიას გაუღიმა, ხვალ შეიძლება რისხვა დაატეხოს თავს.
გაზაფხული სულ რამდენიმე დღეში მოვა.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ეს პარტიები ხალხთან სალაპარაკოდ ქუჩაშიც ვერ გადიან, რადგან ხალხი მათ უბრალოდ არ ელაპარაკება!
შემდეგი სტატიაიტალიაში მიწისძვრა მოხდა – საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს