გაეროს უშიშროების საბჭო არ ეთანხმება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას

გაეროს უშიშროების საბჭოს 14 წევრი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე. ამის შესახებ იუწყება სააგენტო “The Associated Press”.
აშშ-ს ტრადიციულმა მოკავშირეებმა გაეროს უშიშროების საბჭოში დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, შვედეთმა, იტალიამ და იაპონიამ გააკრიტიკეს აშშ-ს გადაწყვეტილება და დაჟინებით მოითხოვეს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხის განხილვა დაიწყოს პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. მიღებულ საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება არ შეესაბამება გაეროს რეზოლუციებს და არ მოაქვს სარგებელი რეგიონში მშვიდობის კუთხით.
აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოში ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ აშშ ახლა უფრო დაინტერესებულია ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების შედეგიანობაზე. მისი თქმით, ტრამიპის ადმინისტრაცია ახლა მუშაობს ახალ წინადადებებზე და არის დიდი ალბათობა, რომ ისინი მისაღები იქნება ორივე მხარისთვის. ჰეილიმ დასძინა, რომ “შეერთებულ შტატებს ორივე მხარე ენდობა”.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და გასცა განკარგულება საელჩოს იქ გადატანის თაობაზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის აგენტები უთვალთვალებდნენ ოლიმპიური კომიტეტის კომისიის წევრებს
შემდეგი სტატიაუკრაინელი დეპუტატი: სააკაშვილის დაპატიმრება მსოფლიო საზოგადოების თვალში უკრაინას სახელს უტეხს