ევროსასამართლოში სარჩელის მიზანია, დამნაშავე პირების გარდა, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში რუსეთის პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს-ქეთევან ციხელაშვილი

ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელის მიზანია გარდა დამნაშავე პირებისა, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს დანაშაულში გამოიკვეთოს რუსეთის პასუხისმგებლობაც, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს სარჩელი მიმართულია იმისკენ, რომ პრევენცია მოხდეს, რათა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ არ განხორციელდეს ასეთი მძიმე დანაშაულებები.

„ამ კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებაში ცხადია არსებობს კონკრეტული დამნაშავე პირები, რომელთა წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება. ეს არის უმძიმესი დანაშაული და გამოძიება მიმდინარეობს შესაბამისი მუხლებით. ამოცანა არის ისიც, რომ გარდა ამ დამნაშავე პირებისა, ამ უმძიმეს დანაშაულში გამოიკვეთოს რუსეთის პასუხისმგებლობაც. ამ სარჩელის უფრო ფართო დანიშნულება არის, რომ საბოლოო ჯამში, ყველა ბერკეტის ერთად ამოქმედებით, მივაღწიოთ იმას, რომ დასრულდეს ეს უმძიმესი პრაქტიკა, რომელიც არის განგრძობითი ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული დარღვევები ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა. ეს სარჩელი მიმართულია იმისკენ, რომ პრევენცია მოხდეს იმის, რომ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ არ განხორციელდეს ასეთი მძიმე დანაშაულებები“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც არის პასუხისმგებელი ინსტიტუტი, ევროპულ სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

„ეს არის სახელმწიფოთაშორისი სარჩელი. ეს ემსახურება იმას, რომ დადგინდეს რუსეთის პასუხისმგებლობა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტისა და სახელმწიფოსი, რომელსაც აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, იმ არაერთი დარღვევის თაობაზე, რაც ხდება ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლთან მიმართებაში. ყველაზე მძიმე არის სიცოცხლის უფლება და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა წამებით, არაადამიანურად, დამამძიმებელ გარემოებებში, არის ყველაზე მძიმე დარღვევა, რაც შეიძლება მოხდეს. არის ბევრი სხვა მუხლი, რომელიც თავისუფლების, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, საკუთრების უფლების დარღვევას განაპირობებს. ამ სარჩელში არის ის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რომელიც უკვე წლების განმავლობაში, განგრძობით ოკუპაციასთან ერთად ხდება ამ ტერიტორიებზე და ემუქრება ადამიანების უსაფრთხოებას. ამ სარჩელის ამოცანა არის რუსეთის პასუხისმგებლობის გამოკვეთა“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმილიონები ქათმის საყიდლად – რა რა ღირს ვენესუელაში (ფოტო)
შემდეგი სტატიარომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა ძალისხმევა არ დაიშურონ ეკლესიაში სექსუალური შევიწროვების აღმოსაფხვრელად