ევროპულმა საქართველომ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების დოკუმენტი შეიმუშავა

ევროპულმა საქართველომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების დოკუმენტი შეიმუშავა. კრიტერიუმები და ქულათა სისტემა დღეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინეს. როგორც პარტიის წევრები ამბობენ, აღნიშნული შეფასების სისტემა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას თითოეული კანდიდატის შესახებ.

ევროპული საქართველო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს აფასებს სამი კრიტერიუმის საფუძველზე: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები.

შეფასების ქულათა სისტემა კი გულისხმობს თითოეული კანდიდატის 10 ქულიანი სისტემით შეფასებას შემდეგნაირად: ა) 1-3 ქულა – ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს; ბ) 4-6 ქულა – აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს; გ) 7-10 ქულა – აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა კანდიდატების შეფასებები წინასწარ წარმოადგინოს და საზოგადოებამ იცოდეს, თუ რის მიხედვით აფასებენ ამა თუ იმ კანდიდატს და აძლევენ ხმას, ან არ აძლევენ. “მე მესმის, რომ დეპუტატების დისკრეციაა ვის მისცემენ ხმას, მაგრამ პოლიტიკური ტრადიცია მოითხოვს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას.”

ბოკერია ამბობს, რომ უკვე შეფასებული კანდიდატებიდან უმრავლესობა მოსამართლეობისათვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

“ასეთ შემთხვევებში ჩვენ გვაქვს მკაცრი პოლიტიკური პოზიცია, რომ თავისუფალი კენჭისყრა არ უნდა იყოს, რადგან ასეთ კანდიდატს არ შეიძლება საერთოდ მხარი დაუჭირონ. კანდიდატზე, რომელსაც კვალიფიკაცია აქვს და მოსამართლეობის ზოგად სტანდარტს აკმაყოფილებს, არ ვთვლით მიზანშეწონილად რომ უზენაესი სასამართლოს წევრები იყვნენ, მაგრამ ამაზე შეიძლება გვქონდეს თავისუფალი კენჭისყრა. ეს არის ჩვენი განაცხადი და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და პირველ რიგში მმართველ გუნდა, მოგვცენ თავისი შეფასებები,”- ამბობს ბოკერია.

ოთო კახიძის თქმით, პარტია ყოველი კვირის ბოლოს საზოგადოებას მათ მიერ გაკეთებულ შეფასებებს წარუდგენს, იმ კანდიდატებისა, რომლებმაც პარალმენტში უკვე უპასუხეს დეპუტატების კითხვებს.

“ჩვენ თავის დროზე ამ წინადადებას ვაყენებდით, რომ ზოგადად ქულებით შეფასებულიყვნენ კანდიდატები და მომხდარიყო ამის დასაბუთება, სამწუხაროდ, ეს ჩვენმა ოპონენტებმა არ გაიზიარეს. ამას სთხოვდა ხელისუფლებას ვენეციის კომისია, ასევე ეუთო ოდირის მონიტორინგის ჯგუფიც. ლოგიკურიცაა, როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას, ის დავასაბუთოთ, მეტი გამჭვირვალობისთვის და მაღალი სტანდარტისთვის,” – ამბობს კახიძე.

ევროპული საქართველოს შეფასების სისტემით, მოსამართლეობის კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს აკმაყოფილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზემოთ აღნიშნულ თითოეულ კრიტერიუმში დააგროვებს 7-10 ქულას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის ქულათა სისტემით შეფასებისას გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინებისათვის დართული მასალები, კანდიდატთა ინდივიდუალური პორტფოლიოები და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში კანდიდატების საჯარო მოსმენები.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის მოადგილე – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს საგანმანათლებლო კრიტერიუმების კუთხით პრობლემა აქვს
შემდეგი სტატიახარვეზები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში – ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს პარლამენტში გამოხმაურება მოჰყვა