ხარვეზები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში – ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს პარლამენტში გამოხმაურება მოჰყვა

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს კრიტიკულად აფასებს, პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს და კანონში ცვლილებების შეტანას ურჩევს. ომბუდსმენის თქმით ცვლილებებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას “თვითნებობა” უნდა გამორიცხოს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციებს გამოხმაურება მოჰყვა კანონმდებლებში.

“ევროპულის საქართველოს” წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, სახალხო დამცველმა ძალიან კომპეტენტური ანგარიში წარმოადგინა და მასში შესულია ის საკითხები, რომელზეც ოპოზიციაც თავიდანვე საუბრობდა. კახიძის თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილია სასამართლო სისტემაში ე.წ კლანის არსებობის დამადასტურებული მტკიცებულებები.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ვიდრე სასამართლო სისტემას მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი არ ჩამოშორდება არანაირ ფასადურ ცვლილებებს აზრი არ აქვს.

სახალხო დამცველის მიერ იუსტიციის საბჭოში შემავალი არამოსამართლე წევრების ჯგუფად მოხსენიებას არაეთიკურად მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.

უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა მაღალი შეფასება მისცეს იმ ცვლილებებს, რომელიც შეტანილი იქნა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში. მათიკაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველი და მისი რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, მას კონკრეტულად განიხილავენ და შესაბამის შეფასებას მისცემენ.

banner
წინა სტატიაშიევროპულმა საქართველომ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების დოკუმენტი შეიმუშავა
შემდეგი სტატიაირაკლი მეზურნიშვილი: დასავლური მედიაც აღნიშნავს, რამხელა გამოცდილება აქვს გიორგი გახარიას და მის ბიოგრაფიას შთამბეჭდავად აფასებს