სახალხო დამცველის მოადგილე – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს საგანმანათლებლო კრიტერიუმების კუთხით პრობლემა აქვს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს საგანმანათლებლო კრიტერიუმების კუთხით პრობლემა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ სახალხო დამცველის ანგარიშის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეზე, ზაზა თავაძეზე, მოქმედ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეზე და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მირანდა ერემაძეზე, რომლებიც უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში მოსამართლეობის მსურველ 20 კანდიდატს შორის არიან.

ბურჯანაძის განცხადებით, კანონმდებლობით, კანდიდატს საგანმანათლებლო მაგისტრის ხარისხი უნდა ჰქონდეს, მათი დიპლომები კი, კითხვებს აჩენს.

„ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი მიგნება არის საგანმანათლებლო მოთხოვნასთან კანდიდატების შესაბამისობა. გამოვლინდა ამ კუთხით რამდენიმე პრობლემური შემთხვევა. პირველ რიგში, ეს ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს. მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მას აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი, მაშინ როდესაც კანონის მოთხოვნაა, რომ მოსამართლეობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამართლის მაგისტრის ხარისხი.

გარკვეული ბუნდოვანებაა შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. მის მიერ მითითებული სწავლის წლები სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვანაირად ფიქსირდება. ჩვენ ავიღეთ დიპლომში მითითებული წლები, სადაც წერია 1993-1998 წლები, შემდგომ გამოვითხოვეთ ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტისგან და მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1994 წელს აქვს მიღებული ამ სასწავლებელს შესაბამისი ლიცენზია. ეს გულისხმობს იმას, რომ ლიცენზირებულად თადუმაძეს ოთხი წელი აქვს ნასწავლი, რაც მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისად, უთანაბრდება ბაკალავრის ხარისხს.

ერთ-ერთ პრობლემად გვაქვს წარმოჩენილი მირანდა ერემაძის შემთხვევა – ამ მოსამართლეს დასრულებული აქვს ოთხწლიანი პროგრამა, რის შედეგადაც, მას მინიჭებული აქვს ორმაგი ხარისხი – სამართლის და ეკონომიკის ორმაგი მაგისტრის ხარისხი. მას ეს ხარისხი შესაბამისმა ცენტრმა არ უღიარა, რაც გასაჩივრდა სამ ინსტანციაში და სასამართლოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილებები ჩვენი აზრით, გარკვეულ ბუნდოვანებებს და კითხვის ნიშნებს შეიცავს. კანონში წერია, რომ ოთხწლიანი სწავლების შემთხვევაში, პირს მიენიჭება ბაკალავრის ხარისხი, ხოლო სასამართლომ ისე განმარტა, რომ ოთხწლიანი სწავლების შემთხვევაში ამ ადამიანმა მიიღო ორმაგი მაგისტრის ხარისხი, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართა
შემდეგი სტატიაევროპულმა საქართველომ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების დოკუმენტი შეიმუშავა