“ევროპული საქართველო” განათლების მინისტრს მიმართავს

“ევროპული საქართველო” განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის ყურადღებას სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე მიაპყრობს:
1. განათლების სამინისტრო დღემდე ჯიუტად ამბობდა უარს წარმატებული პედაგოგების მოტივაციის გაზრდაზე, რაც განათლების ხარისხზე უარყოფითად აისახება. ამ პრობლემას მინისტრის ბრძანებით სერტიფიცირებული უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის ხელფასის გამოთვლის წესის დადგენა მოაგვარებდა. წესმა უნდა უზრუნველყოს სკოლაში საათების განაწილების დროს სერტიფიცირებული/სტატუსის მქონე პედაგოგის სრული დატვირთვა.
ამ მომენტისათვის 16 000 სერტიფიცირებული პედაგოგიდან სრული დატვირთვა აქვს მხოლოდ 8000-ს, ხოლო დანარჩენი 8000 პედაგოგი არ იღებს კუთვნილ სრულ დანამატს. პრობლემა განსაკითრებით მწვავეა მაღალმთიან რეგიონებში, სადაც სრული დატვირთვის მქონე პედაგოგების რაოდენობა ძალიან მცირეა და, შესაბამისად, მათი უმრავლესობა ასეთი დანამატის გარეშეა დარჩენილი.
“ევროპული საქართველოს” მიერ შეთავაზებული ცვლილებებით, ხელფასის მატება შეეხება პედაგოგთა კორპუსის არა 14%, არამედ 30%-ს. წესის განსაზღვრის შემთხვევაში, ნებისმიერი სერტიფიცირებული უფროსი და წამყვანი მასწავლებელი სრულად მიიღებს სერტიფიცირების დანამატს. ეს კი წაახალისებს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას და პოზიტიურად აისახება განათლების ხარისხზე.

2. სტუდენტების პროგრამული დაფინანსების წესი ბიუჯეტის თანხების უსამართლო, არარაციონალურ და, შესაბამისად, არაეფექტურ ხარჯვას იწვევს. პროგრამული დაფინანსების სტუდენტები, სხვა პროგრამებზე იგივე შედეგების მქონე სტუდენტებთან შედარებით, ორმაგ დაფინანსებას იღებენ, ხოლო სტუდენტები, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ მიუღიათ სასწავლო გრანტები და, შესაბამისად, აჩვენეს დაბალი შედეგები, იღებენ 100%-იან დაფინანსებას. 2016 წელს განათლების სამინისტრომ თავად შეაფასა ეს წესი, როგორც არასწორი, მაგრამ იგი არც 2017-18 სასწავლო წლისათვის შეცვალა.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ყოველწლიურად იმატებს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა. ამჟამინდელი მონაცემებით ეს რაოდენობა უკვე 45 ათასს აჭარბებს. “ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ საგრანტო დაფინანსების ძველი წესის შენარჩუნებით ყოველწლიურად გაცილებით მეტი სტუდენტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ისევე უნდა ისარგებლონ მოგების გადასახადის ე.წ. “ესტონური მოდელით”, როგორც ამით კერძო უმაღლესი სასწავლებლები სარგებლობენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლები გათავისუფლებულნი არიან მოგების გადასახადიდან, მაგრამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები – არა. დღეს სახელმწიფო ერთი ხელით სტუდენტს სასწავლო გრანტს აძლევს, ხოლო მეორე ხელით – უნივერსიტეტს უკანვე ართმევს იმ ფულს, რომლიც მან სტუდენტის განათლებისათვის უკეთესი პირობების შექმნას უნდა მოახმაროს.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოგების გადასახადიდან გათავისუფლება მათ შეუმცირებთ საგადასახადო ტვირთს და უნივერსიტეტებს მისცემთ შესაძლებლობას, ეს თანხა მოახმარონ სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას და სტუდენტების, პროფესორებისა და მკვლევარებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნას.

პირველი ორი საკითხი მოგვარებადია მინისტრის ბრძანებით, ხოლო მესამე საკითხის მოსაგვარებლად “ევროპული საქართველო” პარლამენტში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს დაარეგისტრირებს.

banner
წინა სტატიაშიევროპის ჩემპიონი დავით კვარაცხელია საქართველოში ჩამოვიდა
შემდეგი სტატიაკითხვები არსებობს, ამ პირებმა როგორ გადმოკვეთეს საზღვარი- იან კელი