”ევროპულ საქართველოსთან” დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდნენ

თბილისის მერიის მაღალჩინოსნები საკრებულოს ფრაქცია ”ევროპულ საქართველოსთან” დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდნენ, შესაბამისად, ფრაქციის დაანონსებული სხდომაც მოულოდნელად ჩაიშალა.

საკრებულოს დეპუტატებს კითხვები მეტროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჰქონდათ, კერძოდ რას უკავშირდებოდა ნგრევა მეტრო სადგურ ვარკეთილში და ვისი პასუხიმგებლობა იკვეთება ამ შემთხვევაში, თუმცა ეს კითხვები დღეს უპასუხოდ დარჩა.

როგორც ”ევროპული საქართველო – თბილისის” თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი აცხადებს, ჯერ კიდევ პარასკევს, როდესაც ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა დასრულდა, მიიღეს ფრაქციის წევრებმა ვიცემერ ირაკლი ხმალაძისგან დაპირება, რომ ის და სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი დღეს ფრაქციის სხდომაზე მივიდოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

„საჭიროა პროფესიულად და წყნარად პასუხის გაცემა და არა ასეთ პოლიტიკური შოუების მოწყობა, როცა ოპოზიციურ ფრაქციას ეუბნები, რომ მოხვალ და მზად არის ფრაქცია, რომ მიგიღოს, შეკითხვები დაგისვას და არ მოდიხარ. ეს არის ძალიან ცუდი ტონი, ცუდი საქციელი,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო – თბილისის” თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა.

ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება საკრებულოს უმრავლესობაშიც გაკეთდა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ეს ყველაფერ მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურებოდა.

მისი თქმით, ვარკეთილში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მმართველი პარტია ორიენტირებულია, რომ დამნაშავე პირები გამოიკვეთონ და მათ შესაბამისი პასუხი აგონ.

„ეს ემსახურება, უბრალოდ შოუ რომ დაიდგას, რომ რამენაირად რაღაც პოლიტიკური სარჩული მიეცეს და პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ ტრაგედიაზე. ამიტომ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს,“ – აცხადება ზარქუა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში გარემოვაჭრეებმა აქცია განაახლეს