ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურ ნაბიჯად არის შეფასებული

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურ ნაბიჯად არის შეფასებული

„მონიტორინგის კომიტეტის პროგრესის ანგარიშში აღნიშნულია საკონსტიტუციო რეფორმა და კერძოდ ის, რომ ეს რეფორმა ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის სხვა – უფრო მაღალ და სწორ ეტაპზე გადაყვანას“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში განიხილეს, სადაც საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეა საუბარი. ევროსაბჭოს წლის შემაჯამებელ დოკუმენტში საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურად არის შეფასებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

დოკუმენტში საუბარია ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში, საქართველომ მჭიდროდ ითანამშრომლა ვენეციის კომისიასთან, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან პოზიტიურად არის შეფასებული.

როგორც განხილვის შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ანგარიშში ასევე, მოცემულია რეკომენდაცია საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით. დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან.

„არის რეკომენდაცია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელდეს, რაც, ბუნებრივია, მოხდება, იმიტომ, რომ კონსტიტუცია შეცვლილია და შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კონსტიტუციასთან. ანუ, შესაბამისად, 2020 წლამდე, საქართველოს პარლამენტი შეიტანს ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კონსესუსს, დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, კონსესუსის მიუღწევლობისთვის პასუხისმგებლობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თანაბრად აკისრებს როგორც ოპოზიციას, ასევე – მმართველ გუნდს.

„რაც შეეხება პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის საკითხს, ყველამ ვიცით, რომ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკური შეთანხმება არ მომხდარა. ეს ძირითადად, უკავშირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ვადას. თუმცა, ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ კონსესუსის და შეუთანხმებლობის მიუღწეველობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც ოპოზიციას, ასევე, მმართველ გუნდს. ეს ასახულია საინფორმაციო ბარათში, რომელიც დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილი – მთავრობამ სოფლის მეურნეობის ტექნიკის დაფინანსების შესახებ მნიშვნელოვანი დადგენილება მიიღო
შემდეგი სტატიასუს-ის უფროსი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა