ლევან დავითაშვილი – მთავრობამ სოფლის მეურნეობის ტექნიკის დაფინანსების შესახებ მნიშვნელოვანი დადგენილება მიიღო

მთავრობამ სოფლის მეურნეობის ტექნიკის დაფინანსების შესახებ მნიშვნელოვანი დადგენილება მიიღო, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

“დღეს მთავრობამ მნიშვნელოვანი დადგენილება მიიღო, რომელიც დააფინანსებს სოფლის მეურნეობის ტექნიკას. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც რამდენიმე ხანი მუშაობდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელიც საქართველოში ფერმერებს გააჩნიათ, ეს უკავშირდება მექანიზაციას და მექანიზაციის ხელმისაწვდომობას. იცით, რომ ახალი მექანიზაცია საკმაოდ ძვირადღირებული, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია და ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ჩვენ ამ კუთხით კოოპერატივების მიმართულებით გვქონდა და ხდებოდა გარკვეული თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ეს არის უნივერსალური პროექტი, რომელიც დაფარავს მთელ საქართველოს, ყველა ფერმერს, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ აგროკრედიტით და აგროლიზინგით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის ძირითადი მიმართულება არის კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდა და ფერმერებისთვის საშუალების მიცემა, რომ თავიანთი კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდონ.

რაც შეეხება პირობებს, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს არის 7 ათასიდან მილიონ ლარამდე კრედიტის ან ლიზინგის შემთხვევაში თანადაფინანსება.

„თანადაფინანსება აგროკრედიტის ფორმებში ეს არის 11%, ლიზინგის ფარგლებში ეს არის ჩვენი მხრიდან წლიური 12%, საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება. ამავე დროს განსაზღვრულია გარკვეული ზედა ზღვრები იმისთვის, რომ საკმაოდ მაღალმა საფინანსო ინსტიტუტებმა, ზომიერზე მეტი ზღვრის ფარგლებში მეტი საპროცენტო განაკვეთით არ გასცენ ლიზინგის ან დაკრეტიდების ხელშეკრულებები. ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა და ფერმერები საკმაოდ დიდი ხანია ელოდებოდნენ. ჩვენ გვქონდა ინიცირებამდე კონსულტაცია ბევრ ბიზნეს ასოციაციასთან, ფერმერებთან. პროგრამაში პირობები შეჯერებულია. ვფიქრობ, ეს სრულიად შეცვლის ჩვენს სოფლის მეურნეობას მექანიზაციის აღჭურვის კუთხით. ეს უკავშირდება როგორც გამწევ ტექნიკას, ისე მოსავლის ამღებ ტექნიკას. პროექტში არის ასევე ერთი მნიშვნელოვანი დათქმა. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პერიოდში, მექანიზაციის ქვეყნიდან გასვლა არის შეზღუდული იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას ის პოტენციალი, რომელიც გვჭირდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ზოგადად აგროკრედიტის და აგროლიზინგის პროექტის ბიუჯეტი 50 მლნ ლარია, ეს გულისხმობს სხვა მიმართულებებსაც და ამ თანხის ნაწილი მოხმარდება მექანიზაციის დაფინანსებას.
დავითაშვილის ინფორმაციით, დადგენილება ძალაში 1 თებერვალს შედის.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე – ყველაფერი კეთდება, რათა საქართველოდან ევროკავშირში რაც შეიძლება ნაკლები კრიმინალური დაჯგუფება მოხვდეს
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურ ნაბიჯად არის შეფასებული