ევროპის აკადემიური ცენტრის დელეგაციის წევრებმა ევროპის უმაღლეს ორგანოებთან რუსეთის მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს

ევროპის აკადემიური ცენტრის ქართულმა დელეგაციამ, რომელიც საფრანგეთსა და გერმანიაში კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტით იმყოფებოდა, სტრასბურგში მდებარე ევროპის უმაღლეს ორგანოებთან რუსეთის მცოცავი ოკუპაცია გაპორტესტა. დელეგაციის წევრებმა ლოზუნგით „რუსეთი ოკუპანტია“ გამართეს აქცია-პერფორმანსი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირებასთან ერთად, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანანო პატიმრობაში ყოფნა გააპროტესტეს.
“ყველანი ქართულ საქმეს ვაკეთებთ!
ევროპული ცენტრის მიერ ორგანიზებული რიგით მე-20 ვიზიტი სტრასბურგში – რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შეჩერებასა და ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას მიეძღვნა.
კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა როგორც სტრასბურგის ოფიციალურ უწყებებში, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ოფიციალური მიმართვების გარდა, ქართული სიმღერით მიიქციეს ყურადღება და მრავალი უცხოელის მხარდამჭერი ოვაციებიც მიიღეს,“ – განაცხადა ევროპის აკადემიური ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ სანაიამ.
დელეგაციის წევრები სტრასბურგში კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ევროპის უმაღლეს ორგანოებში.
მათ შორის შეხვედრა შედგა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურიასთან.
ასევე ევროსაბჭოში ევროპის აკადემიური ცენტრის დელეგაცია შეხვდა ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის ( GRECO ) ქართველ წარმომადგენელს – ბატონ დავით დოლიძეს.
რაც შეეხება ევროპარლამენტში ვიზიტს, დელეგატები გაეცნენ პარლამენტის მუშაობის სპეციფიკას, მის სტრუქტურას, პარლამენტის მუშაობის პროცედურულ ნორმებსა და, რაც ყველაზე მთავარია, სიღრმისეულად გაიაზრეს ევროპის პარლამენტის როლისა და მნიშვნელობის საკითხი.
აქვე აღსანიშნავია რომ ევროპული ცენტრის მიერ ორგანიზებული რიგით მე-20 ვიზიტი სტასბურგში, დაემთხვა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად დანიშვნას.
ევროპის აკადემიური ცენტრი სტრასბურგში მდებარე უმაღლეს ორგანოებში ვიზიტებს წელიწადში რამდენჯერმე ახორციელებს. ვიზიტის მიზანია, დელეგატებს მიეცეთ საშუალება უფრო ახლოს გაიცნონ ევროპული სისტემა, რაც ხელს უწყობს საზოგადოების ევროპასთან ინტეგრაციას. ვიზიტებში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც პრაქტიკოს პროფესიონალებს, ისე სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოსთან აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა.
შემდეგი სტატია15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს