15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაკეთდა.

მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

„2019 წლის 13 დეკემბერს, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული 15 წლის არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე, გამოსაძიებლად გადმოეცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
გამოძიების დაწყების დღიდან დღემდე, ფაქტობრივად ხუთ დღეში, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი – კერძოდ, დაიკითხა 70 მოწმე: არასრულწლოვნის კლასელები, მეგობრები და მათი მშობლები, მეზობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და უსაფრთხოების მენეჯერები, შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანთან ერთად მყოფი პირები, პოლიციის თანამშრომლები და ყველა ის პირი, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ თუნდაც მინიმალური ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და დამდგარი შედეგების გამომწვევი მიზეზების შესახებ.
გამოძიებამ ამოიღო და დაათვალიერა არასრულწლოვნის მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია არასრულწლოვნის მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და გამოძიებისთვის საჭირო სხვა ადგილები, დათვალიერდა სკოლაში, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, ასევე ყველა ის ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც შესაძლოა ასახული ყოფილიყო არასრულწლოვნის გადაადგილება. ვინაიდან მოწმეთა ნაწილი არიან არასრულწლოვნები და საქმე თავისი შინაარსით განსაკუთრებით სენსიტიურია, არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით, საქმეში ჩართულია არასრულწლოვანთა ფსიქოლოგი და არასრულწლოვნებთან ყველა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს ფსიქოლოგის მონაწილეობით.
ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2019 წლის 17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკავებული იქნა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მ.ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმის მასალები ბრალდების წარდგენის მიზნით და შემდგომი კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და გამოძიების შემდგომი პროცესის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება დამატებით“, – განახცადა ლონდა თოლირაიმ.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიების დასრულებამდე პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს უფლებამოსილება შეუჩერდათ.

banner
წინა სტატიაშიევროპის აკადემიური ცენტრის დელეგაციის წევრებმა ევროპის უმაღლეს ორგანოებთან რუსეთის მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს
შემდეგი სტატიაგამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი