ევროპარლამენტის კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს კომიტეტის 42-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელი “ევროპის სახალხო პარტიის” წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგა იყო.

“ჩვენ უნდა აღვჭურვოთ საკუთარი თავი მოქნილი და სანდო ინსტრუმენტით, თუმცა ის ასევე უნდა მოიცავდეს მკაფიო გარანტიებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით”, – განაცხადა დიას დე მერამ.

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივების საკანონმდებლო ინიციატივას მაისის ბოლოს დაუჭირა მხარი. მექანიზმი უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივების საკითხი დღის წესრიგში ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შემდეგ დადგა.

როგორც ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწორედ შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიკიევში სააკაშვილის ჯიპი გაიტაცეს
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: პატარაძე მე მეჩვენება, რომ არის მეორე ხაბაძე