ევროკავშირმა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა

ევროკავშირი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს თვალყურს ადევნებს – ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელმა თქვა, რომ მისი სახელით ევროკავშირის საგარეო მოქმედებების გენერალური მდივანი სტეფან სანინო ხუთშაბათს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს ესაუბრა და ორივე მხარეს თავშეკავებისა და კონფლიქტის დაწყნარებისკენ მოუწოდა.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარიც აღნიშნულ საკითხზე ეუთოს წარმომადგენლებს ესაუბრა.

“საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა წყდებოდეს. ჩვენ ორ ქვეყანას შორის ტექნკურ დონეზე არსებულ კონტაქტს მივესალმებით. ევროკავშირი კონფლიქტის მოგვარებას უჭერს მხარს და ორივე მხარეს მოუწოდებს ეძებონ მშვიდობიანი გადაწყვეტილებების გზები და რეგიონში სტაბილურობა შეინარჩუნონ” – ბორელმა განაცხადა.
შეგახსენებთ, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ პაშინიანმა გაავრცელა, აზერბაიჯანელი სამხედროები ორი დღის წინ “საზღვრის კორექტირების” მიზნით სომხეთის ტერიტორიაზე 3,5 კმ-ით შეიჭრნენ. პაშინიანმა გუშინ, 14 მაისს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სომხერ-რუსული შეთანხმების საფუძველზე დახმარების მისაღებად მიმართა, მათ შორის, საუბარია სამხედრო დახმარებაზე.

ორი დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ სომხურ ენაზე მოუწოდა. “აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ გაყვანა. მე სომეხ ხალხს კიდევ ერთხელ ვეუბნები, რომ საფრანგეთი თქვენთან რჩება” – მაკრონმა დაწერა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ არმია 2020 წლის 10 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების თანახმად საკუთარ პოზიციებს იკავებს.

banner
წინა სტატიაში“დროა” რეორგანიზაციაზე – ცესკოში ძლიერდება გიორგი ჯავახიშვილის კლანი
შემდეგი სტატიავოლსკი – ვფიქრობ, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია