“დროა” რეორგანიზაციაზე – ცესკოში ძლიერდება გიორგი ჯავახიშვილის კლანი

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მოძრაობა მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის პროცესი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ცესკოში “ქართული ოცნების” გავლენების გაძლიერებას ემსახურება.

“ცესკოში დაგეგმილი საარჩევნო რეფორმების წინ, “ქართული ოცნება” გავლენებს ინაწილებს. ვიდრე შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევა, ცესკოში ძლიერდება კლანი, რომელიც რეალურად მართავს საარჩევნო პროცესებს და ორგანიზებას უწევს არჩევნების გაყალბებას.

კერძოდ, 14 მაისს ჩატარებული სხდომის შემდეგ, №9/2021 დადგენილების მიხედვით, არსებითად გაიზარდა ცესკოს მდივნის და რეალური მმართველის, გიორგი ჯავახიშვილის კლანის უფლებები. მის ოჯახთან დაახლოებული პირი, ეკა ცაბაშვილი, საარჩევნო პროცესების მართვის ანუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეპარტამენტის უფროსი გახდა. მის ხელში აღმოჩნდა, როგორც სიების ფორმირება, პარტიების, ბლოკებისა და კანდიდატების რეგისტრაცია, ისე საარჩევნო კომისიების მართვა. ეკა ცაბაშვილი ფინანსურადაც დამოკიდებულია “ქართულ ოცნებაზე” – მისი მეუღლის ძმის კომპანია ტენდერებში 2019 წლიდან ჩნდება. 2019 წლის თებერვლიდან დღემდე, მოგებული აქვს 1 765 180 ლარის ღირებულების ტენდერი, მათგან უმრავლესობა საეჭვო გარემოებებში ჩატარდა.

გარდა ეკა ცაბაშვილისა, უფლებამოსილება გაეზარდა, გიორგი ჯავახიშვილის კლანის კიდევ ერთ წევრს, ადამიანური რესურსების მართვის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს – გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც შიდა აუდიტის განყოფილება დაექვემდებარა. ამით, ცესკოს კლანმა გააძლიერა სისტემაში მომუშავე ადამიანების კონტროლის მექანიზმი.

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” თვლის, რომ მიღებული ცვლილებებით “ქართულმა ოცნებამ” ცესკოში მყოფი გამყალბებელთა კლანი გააძლიერა. ცხადი გახდა, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ რეფორმების დაამტკიცებამდე, მმართველი პარტია ცდილობს, ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ მათთვის სანდო, გიორგი ჯავახიშვილის კადრებს დაუქვემდებაროს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა კერესელიძე – საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების მოტივი მხოლოდ ერთია
შემდეგი სტატიაევროკავშირმა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა