ვოლსკი – ვფიქრობ, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია

ვფიქრობ, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია, ინტერპრეტაციებით ომი საჭირო არ არის, ლოგიკურ დასკვნამდე უნდა მივიდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წინადადებაა, რომ კიდევ ერთი მოადგილის არჩევა მოხდეს უმრავლესობიდან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს.

„მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე შეუთანხმებელი თემაა, უბრალოდ თუკი შეუძლებელი იქნება ცესკო-ს თავმჯდომარემ უმრავლესობიდან განახორციელოს თავისი მოვალეობა, ვინ უნდა შეცვალოს იგი. ნაკლებად დასაშვებია, რომ მაინც და მაინც საგანგებო ვითარებაში მას ხელი შეეშალოს თავისი ფუნქციების შესრულებაში, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ, მაგრამ ასეთი ვითარების დაშვება შეიძლება. აქედან გამომდინარე, ჩვენი წინადადებაა, რომ კიდევ ერთი მოადგილე იყოს უმრავლესობიდან, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შეასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას, თუარადა იქნება ისევე, როგორც ჩვეულებრივი სხვა წევრი. შესაძლოა სხვადასხვა ვარიანტების განხილვა. მაგალითად, არაპარტიული, პროფესიული შემადგენლობებიდან აირჩეს მოადგილე. ვფიქრობ, ეს არ არის თემა, რომელზეც შეთანხმება შეუძლებელია. კარგია, რომ მსჯელობის ლოგიკა ოპონენტების დიდ ნაწილს ესმის.

შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ერთი მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციიდან. რასაკვირველია, ისე არ არის, რომ მეტი მოადგილე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაშვებული. ინტერპრეტაციებით ომი საჭირო არ არის, ლოგიკურ დასკვნამდე უნდა მივიდეთ და ეს ლოგიკა ერთმანეთს გავუზიაროთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა
შემდეგი სტატიაადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი – სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა