ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გასაღები იყო და არის ხელისუფლების ხელში, რომელმაც არაფერი გააკეთა დემოკრატიის გაძლიერებისთვის და პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად – დავითაია

ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკომისიის დასკვნით საქართველო ამოვარდა ასოცირების ტრიოდან და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსმა დროში გადაიწია. ევროკომისიის დღევანდელი დასკვნა ცხადყოფს, რომ ფაქტიურად მიღებულია გადაწყვეტილება, თუ რას უნდა ველოდოთ 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გასაღები იყო და არის ხელისუფლების ხელში, რომელმაც არაფერი გააკეთა დემოკრატიის გაძლიერებისთვის და პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად.

,,ევროკომისიის დასკვნით, იმ პრიორიტეტებს შორის, რაც ევროკავშირს საქართველოსთვის პრობლემურად მიაჩნია ხაზგასმით იყო გამოყოფილი პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი ნიშნული და პოლიტიკურ პროცესში სრული პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის და თანამშრომლობის აუცილებლობა. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება და შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა ქვეყანას პრობლემებს შეუქმნიდა. შარლ მიშელის დოკუმენტი იყო საქართველოს საგზაო რუკა ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. პოლიტიკური დაპირისპირების აღმოფხვრის გასაღები იყო და არის თავად ხელისუფლების ხელში. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯები პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრულებლად, არაფერი გაკეთდა მართლმსაჯულების სისტემის და საარჩევნო გარემოს რეფორმირებისთვის, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ევროპელ პოლიტიკოსებში. ამჟამად საქმიანი ვიზიტით სტრასბურგში ვიმყოფები და კარგად ვხედავ იმედგაცრუებას და იმ განწყობებს, რაც ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ ევროპაში არსებობს“, – აღნიშნა პაატა დავითაიამ.

პაატა დავითაიას შეფასებით, ხელისუფლების არგუმენტი, რომ საქართველოს ვიღაც ჩაგრავს ან ცდილობს ომში ჩართვას ცდილობს არასერიოზული და სასაცილოა.

,,ამ პროცესზე მთელი პასუხისმგებლობა სწორედაც ხელისუფლებას ეკისრება. ევროკომისრებმა ნათლად მიგვითითეს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გასაღები არა ევროკავშირში, არამედ საქართველოში და იმ პოლიტიკურ კლასში დევს, რომელიც დომინირებს ქვეყანაში. ეს ძალა არის „ქართული ოცნება“ , რომელმაც უნდა გადადგას მკვეთრი ნაბიჯები რეკომენდაციების შესასრულებლად, პოლიტიკური პროცესის და დემოკრატიის გასაძლიერებლად.

ახლა არ არის დაპირისპირების და ერთმანეთზე გადაბრალების დრო. ახლა მოქმედების, ურთიერთშეთანხმებების დროა. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად დადგეს ამ ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროცესში. ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი, სწრაფად მოვახერხოთ გზის გავლა და არ დავრჩეთ ევროპული პერსპექტივის მიღმა“, – აცხადებს პაატა დავითაია.

banner
წინა სტატიაშისაქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ევროპამ ინსტიტუციური გადაწყვეტილების მიღება ვერ გაბედა – დავით ჩიხელიძე
შემდეგი სტატიადეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი საკითხია, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილი განხილულია, როგორც არაფორმალური მმართველი, რომელიც აფერხებს, საქართველო გახდეს ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრი – სამნიძე