ეს საგანგაშო პოლიტიკური მოვლენაა-რომან გოცირიძე

ოკუპირებული აფხაზეთისა და ნიგერიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 8 აგვისტოს დანიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, „თაიმერმა“ კომენტარი სთხოვა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს რომან გოცირიძეს. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეს ნიგერიის ხელისუფლებას და აუხსნას, რომ უვიზოდ შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის კანონის დარღვევა.
„ფეხბურთის ფედერაციამ სასწრაფოდ უნდა გააპროტესტოს ფიფაში და არ დაუშვას ამ მატჩის ჩატარება. ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ფიფას წევრი სახელმწიფო მისი წესების უხეში დარღვევით ფაქტობრივად აღიარებს აფხაზეთის ”სპორტულ დამოუკიდებლობას”. ეს საგანგაშო პოლიტიკური მოვლენაა. არაა გამორიცხული, რუსეთის მთავრობას აქვს ნიგერიის ხელისუფლებასთან გარკვეული კონტაქტები აფხაზეთთან დაკავშირებით და ეს არის პირველი ზონდირება საერთაშორისო რეაქციის გასაგებად. შეუძლებელია, რომ ნიგერიის ხელისუფლებამ და ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ არ იცოდეს რა სტატუსი აქვს აფხაზეთს და რას იწვევს ფიფას წესების თუ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა“, -აცხადებს რომან გოცირიძე.

„თაიმერი“ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს , საიდანაც შემდეგი პასუხი მიიღო: „ჩვენთვის ცნობილი გახდა აღნიშნულის თაობაზე. ჩართულია ყველა შესაბამისი არხი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე ფეხბურთის ფედერაციის ხაზით, რათა დავაზუსტოთ ინფორმაცია და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება“.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. უწყების ცნობით, ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობეს მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს – ფიფას და მისგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, სეპარატისტთა საინფორმაციო სააგენტო „Апсадгьыл-инфо“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 8 აგვისტოს სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში ოკუპირებული აფხაზეთისა და ნიგერიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის.
ე. წ. აფხაზეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბესლან აჯინჯალის განცხადებით, ნიგერიის საფეხბურთო ნაკრებს, რომელიც მონაწილეობდა რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში, ჩამოყვა ახალგაზრდული გუნდიც. ახალგაზრდული ნაკრები მართავს ამხანაგურ შეხვედრებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის და ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ
შემდეგი სტატიასამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა-დაშავებულთა შორის ორი ბავშვია