ერთ დღეს შეიძლება აღმოაჩინოთ რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობთ, სხვის საკუთრებაშია

საქართველოში ხშირია ხელისუფლების მიერ მოქალაქეებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ფაქტები, რაზეც არაერთი სასამართლო დავა დღესაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევებში თავად მოქალაქეებს „უჩნდებათ“ სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემის სურვილი. მოგვიანებით კი სახელმწიფოსთვის „ნაჩუქარი“ ქონება, როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლების ან მათთან დაახლოებული ბიზნესმენების ხელში ხვდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი „უცნაური ქველმოქმედების“ სურვილი ხშირ შემთხვევაში ტურიტულ ზონებში საკუთრების მფლობელ ადამიანებს უჩნდებათ, ანუ ისეთ ადგილებში, სადაც საკუთრება განსაკუთრებით ძვირად ფასობს და განვითარების პერსპექტივაც აქვს.

ყველას კარგად გვახსოვს რიყეზე მდებარე რესტორნების მეპატრონეების „უცნაური სურვილი“, მთელი თავიანთი ქონება, რომელიც მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა, ეჩუქებინათ სახელმწიფოსთვის. თანაც, ყველა მათგანს ერთად გაუჩნდა სურვილი და ყველამ ღამის საათებში ნოტარიული დამოწმებით გადასცა ქონება სახელმწიფოს. ამ ფაქტმა მაშინ საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მიჩუმათდა, რადგან თავად ქონების ყოფილი მეპატრონეები მოერიდნენ ამ თემაზე პროტესტის გამოხატვას.

ჯერ კიდევ 2012 წლის აპრილში, ზუსტად 3 წლის წინ, ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ წარმოადგინეს უკვე მესამე ანგარიში, რომელიც სწორედ ქონების უკანონო ჩამორთმევებს ეხება. პირველ ორ ანგარიშში საუბარი იყო სოფელ გონიოსა (აჭარა) და დაბა მესტიაში (სვანეთი) კერძო საკუთრების ჩამორთმევის ფაქტებზე. მესამე ანგარიში საკუთრების სხვადასხვა ფორმით ხელყოფის საკითხებს ეხება და რამდენიმე რეგიონს მოიცავს. ანგარიში შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან – მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების ჩუქება – მიტოვების ფაქტები და მესაკუთრეების მიერ უკვე რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე თვითნებური დარეგისტრირება.

მაგალითად, 2010 წლის 13-დან 23 დეკემბრის ჩათვლით საირმეში სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქების ოცი და უძრავი ქონების მიტოვების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე 2011 წლის 13-25 იანვარს დაფიქსირებულია კერძო პირების მიერ უძრავი ქონების მიტოვების 79 ფაქტი. ანგარიშში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ ყველა შემთვევაში მოქალაქეები სახელმწიფოს გადასცემენ ძვირადღირებულ ქონებას, რომელიც ამასთანავე, მათი შემოსავლის წყაროა. კვლევის ჩამტარებლებს ეჭვს ისიც უჩენს, რომ ჩუქების ხელშეკრულებები მასობრივად, დროის მცირე მონაკვეთში იყო გაფორმებული და როგორც წესი, ერთი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული. აქვე ნათქვამია, მიუხედავად იმისა, რომ რიყის შემთვევაში რამდენიმე თვეში ყოფილი მესაკუთრეები ღიად არ ალაპარაკდნენ მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე და სასამართლოში ჩივილსაც აპირებდნენ, მათ მიერ გაჩუქებული ქონება გეგმიურად დაინრგა და 2011 წელს რიყის ტერიტორიაზე პარკიც გაიხსნა.
კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციების განცხადებით, მათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მოითხოვეს ინფორმაცია მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების ჩუქების სტატისტიკის შესახებ. პასუხად კი ეცნობათ, რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების ჩუქების სტატისტიკის გამოყოფა ზოგადად ჩუქების სტატისტიკისგან შეუძლებელია. ამასთანავე, ეკონომიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა. ამიტომ, მოქალაქეების მიერ სახლმწიფოსთვის ქონების ჩუქების სრული მონაცემების მოპოვება შეუძლებელია.
რაც შეეხება სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების მიტოვების სტატისტიკას, აღნიშნული ინფორმაცია საჯარო რეესტრშია დაცული. ანგარიშის თანახმად, 2011 წლის 12 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით ქონების მიტოვების 1 563 შემთხვევა დაფიქსირდა. იურისტები ასევე ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ქართული კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია ჩუქების ხელშეკრულების დადება, თუ გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს. თუ ეს ასე მოხდა, მოქმედი კანონმდებლობა მჩუქებელს გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვის უფლებასაც ანიჭებს. რაც შეეხება ქონების მიტოვებას, ეს აქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ჩუქების შემთხვევისგან განსხვავებით, ქონების მიმტოვებელს უფლება აღარ აქვს, საარსებო წყაროს დაკარგვის შემთხვევაშიც კი, მიტოვებული ქონების დაბრუნება მოითხოვოს.

რაც შეეხება ქონების ჩუქებას, საირმეში ასეთი ფაქტებთან დაკავშირებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ გარდა ჩუქებით მიღებული მიწის ნაკვეთებისა, სახლემწიფომ საჯარო რეესტრისთვის მიმართვის გზით საკუთრებაში დაირეგისტრირა კურორტ საირმეში მდებარე არაერთი მიწის ნაკვეთი. მიწების უმრავლესობა შპს „საირმის განვითარების კომპანიას“ გადაეცა, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე არის საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული თემურ კოხოძე.
ანგარიშის თანახმად, 2010 წლის 10 მაისიდან 2011 წლის 21 იანვრამდე პერიოდში სახელმწიფომ საჯარო რეესტრისთვის მიმართვის გზით საკუთრებაში დაირეგისტრირა კურორტ საირმეში მდებარე მიწის ნაკვეთები, რომელიც შემდეგ საკუთრებაში გადასცა შპს „კურორტ საირმეს“ (სულ 376 477 კვადრატული მეტრი). გარდა ამ გზით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა, 2010 წლის 13 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებისგან ჩუქებით მიიღო 25 137 კვ.მ მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოგვიანებით ასევე შპს „კურორტ საირმეს“ დაურეგისტრირა საკუთრებაში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი იყო სახელმწიფო.

2011 წლის 18 თებერვალს კი შპს „კურორტი საირმე“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა შპს „საირმის განვითარების კომპანიას“, რომლიც მფლობელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა თემურ კოხოძეა. არასამთავრობოების განცხადებით, კოხოძე კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის კანონდარღვევას და მესაკუთრეთა იძულებას, დაზარალებული მოსახლეობა კი საკუთარი ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქების თემაზე საუბარს გაურბის.

აქვე იურისტები დასძენენ, რომ მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებს რამდენიმე გარემოება. კერძოდ, მჩუქებელთა უმეტესობა არის ფიზიკური პირი, რომელსაც გარდა სახელმწიფოსთვის გაჩუქებული ქონებისა, სხვა უძრავი ქონება არ გააჩნია. გაჩუქებული ქონება მდებარეობს ტურისტულ რეგიონებში და მის მესაკუთრეებს, სურვილის შემთხვევაში, ქონების მაღალ ფასად გაყიდვა არ გაუჭირდებოდათ. ამასთანავე, ჩუქების ფაქტები ერთ კონკრეტულ ადგილას, ერთსა და იმავე დროს (1-2 კვირის შუალედში) ხდებოდა.

რაც შეეხება კურორტ ბახმაროში მოქალაქეების მიერ ქონების მიტოვების ფაქტებს, ნაგარიშში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 13-დან 25 იავნრის ჩათვლით აქ დაფიქსირდა კერძო პირების მიერ ქონების მიტოვების 79 ფაქტი. ამასთანავე, ამ პირების უმეტესობამ ქონების დასარეგისტრირებლად უამრავი პროცედურა გაიარა – მიმართეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, შეაგროვეს და წარადგინეს სხვადასხვა დოკუმენტები, რაც ამ ნაკვეთებზე მათ მფლობელობას ადასტურებდა, გააკეთეს ნაკვეთების აზომვითი ნახაზები, ნოტარიულად დაამოწმებინეს მოწმეთა ჩვენებები, გადაიხადეს საფასური, აიღეს საკუთრების მოწმობა და ა.შ. ყოველივე ამის შემდეგ კი მიატოვეს აღნიშნული ქონება, რაც თავისთავად, საფუძვლიან ეჭვს იწვევს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მაშინ, როდესაც ამ პირებზე საკუთრების უფლების მოწმობები გაიცა, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძარობის“ წევრი შოთა სირაძე იყო. ამჟამად, მის მიმართ დაწყებულია გამოძიება ქრთამის აღების ბრალდებით.

„არსებობს ცნობები, რომ მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობები საქმის გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე გაიცემოდა. კომისიის ერთ-ერთი წევრის, ჟორა სიმონიას განცხადებით, შოთა სირაძის თავმჯდომარეობის დროს გაცემული საკუთრების მოწმობების 388 შემთხვევიდან კომისიას არც ერთზე არ უმსჯელია. საინტერესოა იცის, რომ იმ პირების უმრავლესობა, ვისაც საკუთრების უფლების მოწმობები გადაეცათ, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს (გურიის სამხარეო პოლიცია, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის პოლიცია, ჩოხატაურის მონიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო) თანამშრომლები ან მათი ოჯახის წევრები არიან“, – ნათქვამია ანგარიშში.
კვლევაში ასევე მოხვდა მესაკუთრეების მიერ უკვე რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე თვითნებური დარეგისტრირება. კერძო მესაკუთრეების მიერ ქონების დაკარგვის მიზეზი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოც ხშირად ხდება. ქართული კანონმდებლობით უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციისას დაშვებულია აზომვითი ნახაზის როგორც ქაღალდის ვერსიის, ისე ელექტრონული ვერსიის წარდგენა, მაგრამ რეესტრისათვის შეუძლებელია ამ ორი ნახაზის ერთმანეთთან შედარება. რეესტრის განმარტებით, ქაღალდის ვერსიის აზომვითი ნახაზი იმის საშუალებას იძლევა, დადგინდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ფორმა და ფართობი. მაგრამ ქაღალდის ნახაზით შეუძლებელია იმის ზუსტად დადგენა, კონკრეტულად სად მდებარეობს მოცემული ნაკვეთი. ელექტორნული ნახაზი კი, რომელიც სატელიტიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, ზუსტად განსაზღვრავს როგორც კონკრეტული ნახაზის ფართობს, ისე მდებარეობას UTM (Universal Transverse Mercator Coordinate Sistem) კოორდინატთა სისტემაში, რომელიც რამდენადმე განსხვავდება ტრადიციული, გრძედისა და განედის მეთოდისაგან.

„მიწის ნაკვეთების ზედდებისაგან (გადაფარვისაგან) თავის აცილების შესაძლებლობა საჯარო რეესტრს მხოლოდ მაშინ აქვს, თუ უძრავი ქონების მონაცემები დაცულია ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის სახით UTM პროექციაში. ასეთი სახით დაცული ინფორმაცია ნამდვილად უფრო სანდოა, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ UTM პროექციაში ბაზის ფორმირება საჯარო რეესტრმა 2010 წელს დაიწყო. მანამდე საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების უდიდესი ნაწილი ქაღალდის საკადასტრო აზომვითი ნახაზების სახით იყო დაცული. ეს კი თეორიულად და პრაქტიკულადაც იმას ნიშნავს, რომ ქაღალდის ვერსიით დარეგისტრირებული ნებისმიერი მიწის ნაკვეთი შესაძლოა, სხვის საკუთრებაში აღმოჩნდეს“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ასახავს.
ამდენად, თუ ქონება საკუთრებაში აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიით გაქვთ დარეგისტრირებული, ერთ დღესაც შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ იგი სხვის საკუთრებაშია. სწორედ ასე მოუვიდათ ანაკლიისა და გრიგოლეთის მაცხოვრებლებს. ანგარიშის თანახმად, 2009 წელს საჯარო რეესტრმა ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს დაურეგისტრირა ანაკლიაში მდებარე 150 მიწის ნაკვეთი. როგორც ჩანს, რეესტრს არც კი გადაუმოწმებია ინფორმაცია მოთხოვნილ მიწებზე სხვისი საკუთრების უფლების არსებობის შესახებ. საჯარო რეესტრის მიერ სახელმწიფოსთვის დარეგისტრირებულ მიწებს შორის აღმოჩნდა სოსო აქუბარდიას მიწის ნაკვეთიც 47.92 ჰექტარი ფართობით, რომელსაც იგი 2007 წლიდან კანონიერად – საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ფორმით ფლობდა.

მოგვიანებით ეს ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის წესით კომპანია „ანაკლია პორტს“ გადაეცა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იმ დროისთვის რუსეთში მოღვაწე ქართველი მილიონერი თემურ ქარჩავა იყო. სწორედ ამ მიწებს შორის აღმოჩნდა სოსო აქუბარდიას მიწის ნაკვეთიც. აქუბარდიას საქმემ ქართული სასამართლოები მოიარა და ამჟამად უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის თანახმად, თემურ ქარჩავას 5 წლის ვადაში 5 მილიარდი დოლარის ინვესტირება ევალებოდა. მოგვიანებით „ანაკლია პორტი“ ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანიამ შეიძინა, რომელმაც დირექტორად და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ თემურ ქარჩავა დანიშნა. ეს გარემოება კი არასამთავრობოებს ეჭვს უჩენს, რომ ეს იყო პირობითი გარიგება, რაც საშუალებას მისცემდა „ანაკლია პორტის“ რეალურ მფლობელს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინა. თუმცა, ამჟამინდელი მდგომარეობით, შპს „ანაკლია პორტის“ უძრავი ქონება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ არის დაყადაღებული.

დაახლოებით იგივე სცენარით განვითარდა მოვლენები გრიგოლეთში. ანგარიშის თანახმად, 2011 წელს მოქალაქე მარინა მექვაბიშვილმა საჯარო რეესტრის ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა და მის საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება მარინა მექვაბიშვილის განაცხადზე იმ მოტივით, რომ მიწა, რომელზეც ის საზღვრების დაზუსტებას ითხოვდა, სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან იყო ზედდებაში.

მექვაბიშვილის საქმე დიდი ხანია უკვე სასამართლოშია. იგი ცდილობს დაიბრუნოს მიწის ნაკვეთი მანამ, სანამ სახელმწიფო მას გაასხვისებს. ამავე გზით მოუწევს სიმართლის ძიება მექვაბიშვილის მეზობელ ზურაბ მიქაძესაც. მიწის ნაკვეთი მასაც ქაღალდის საკადასტრო აზომვითი ნახაზით ჰქონდა საკუთრებაში რეგისტრირებული, მაგრამ ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ მისი მიწა სახელმწიფომ მიითვისა.

კიდევ უფრო რთული ვითარებაა მოქალაქე თამარ ავალიანის შემთხვევაში. მან 2000 წელს მიწის ნაკვეთი დმანისის რაიონის სოფელ მაშავერაში მემკვიდრეობით მიიღო მამისგან, რომელიც იმჟამინდელი კანონის სრული დაცვით გადაიფორმა. ხოლო 2013 წელს შემთხვევით აღმოაჩინა რომ მისი საკუთრების ნაწილი რეესტრის ამონაწერიდან უბრალოდ გამქრალიყო. თავდაპირველად მისი მიწის ნაკვეთი ორ ნაწილად იყოფოდა და სამი საკადასტრო კოდი ქონდა მინიჭებული. ხოლო ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის კოდი საერთოდ გაუქმებული იყო და აღარც იძებნებოდა, ხოლო მის ადგილას არსებული მიწა დაყოფილი იყო სხვადასხვა ნაწილებად და ახალი კოდები ქონდა მინიჭებული, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს სახელზე იყო რეგისტრირებული. როდესაც ავალიანმა სიმართლის გარკვევა სასამართლოს გზით სცხადა, იგი უკვე პრაქტიკაში უკვე არსებულ დილემას შეეჯახა. კერძოდ, საჯარო რეესტრს უბრალოდ არ გააჩნია აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიისა და ელექტრონული ვერსიის შედარების მექანიზმი. ხოლო ვინაიდან 2010 წლიდან დაიწყეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტრონული ნახაზების შედგენა რომელიც სატელაიტიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, ამ პროცესში ავალიანის ძველი მიწა ნაწილი უბრალოდ გაქრა და იგი სახელმწიფოს საკუთრებაში აღმოჩნდა. ეჭვის გამომწვევი არის ის ფაქტი რომ ამ „ტექნოლოგიურ ცვლილებებს“ ავალიანის მიწის ნაკვეთის მხოლოდ ის ნაწილი შეეწირა რომელიც კაზრეთის ოქროს საბადოს ესაზღვრებოდა. ხოლო როდესაც იგი სახელმწიფოს საკუთრებაში აღმოჩნდა, იგი მალევე გაიყიდა კერძო კომპანიაზე, რომელიც რეგიონში ოქროს სამძებრო სამუშაოებს აწარმოებდა. საკითხის მეორე მხარეა ისიც რომ აღნიშნული კომპანია სახელმწიფო ჩინოვნიკებთან არის დაკავშირებული.

ასეთივე შემთხვევა გქვაქვს ბაკურიანშიც სადაც მოქალაქე ზვიად ნაცვალაძის მიწის ნაკვეთის ნაწილი 2010 წლის შემდეგ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან უბრალოდ გაქრა. მოქალაქე ნაცვალაძემ ბევრი იბრძოლა სასამართლოს გზით მაგრამ ძველი აზომვითი ნახაზი რომელიც ქაღალდის ვერსიაა მხოლოდ ტერიტორიის ფართობის მონაცემებს იძლევა და მისით ადგილმდებარეობის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია. ხოლო ახალი UTM ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ როდესაც ციფრული მონაცემებით სატელაიტიდან განსაზღვრავენ ტერიტორიის ზუსტ კორდინატებს, რეესტრმა მისი ფართობის ნაწილი სახელმწიფო ტერიტორიის ფარგლებში მოაქცია, ხოლო ნაცვალაძე არსებული სისტემის გაუმართაობის გამო ვერ ახერხებს ძველი ნახაზის ახალ ელექტრონულთან შედარებას და თავისი საკუთრების დაცვას. ეჭვის გამომწვევი აქაც არის ის ფაქტი რომ ამ პოპულარულ საკურორტო ზონაში დიდი მშენებლობებია და ნაცვალაძის მიწის ნაკვეთი მოგვიანებით ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძინა რომელსაც სახელმწიფომ სასოფლო სამეურნეო მიწის სტატუსი მალევე შეუცვალა საცხოვრებლით და იქ ახალი მშენებლობები დაიწყეს. უცნაურ დამთხვევას აღარ წარმოადგენს ის ფაქტიც რომ ეს სამშენებლო კომპანია სახელმწიფო ჩინოვნიკებთან არის დაკავშირებული.

არაერთ უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშში მოცემულია მთელი რიგი რეკომენდაციებისა, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რათა აღმოფხვრას მსგავსი ფაქტები. მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები, თითოეული შემთხვევის ადგილზე შესწავლა და ა.შ. თუმცა ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ვინაიდან თავად ჩინოვნიკები და მათი ახლობლები ისაკუთრებენ მოსახლეობისთვის ჩამორთმეულ ქონებებს, რა თქმა უნდა, ამის გამოსწორებას არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ უშველის, რადგან მთელი ეს პროცესი ფორმალურად ახლაც არის მოქცეული კანონიერ ჩარჩოებში. სინამდვილეში კი ყველაფერი უკანონოდ ხდება. ამიტომ მთავარია არსებობდეს ქვეყანაში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვის პოლიტიკური ნება.

banner
წინა სტატიაშირას უმხელს “ალიას” პოსტიდან გადამდგარი “ოცნების” რაიონული თავმჯდომარე…
შემდეგი სტატიაბერდია კალანდია: იბრძვიან ყოფილი ნაციონალები თუ ნაციონალების ნარჩენები ოცნება-ნაციონალების მხარდასაჭერად და მიდის ინტრიგების ვირტუოზული ხლართვა