ბერდია კალანდია: იბრძვიან ყოფილი ნაციონალები თუ ნაციონალების ნარჩენები ოცნება-ნაციონალების მხარდასაჭერად და მიდის ინტრიგების ვირტუოზული ხლართვა

წინასაარჩევნო მარათონი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, თანდათან მაღლა იწევს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა, უკვე ცნობილია იმ პარტიების თუ ადამიანების ვინაობა, ვისაც პრეტენზია აქვთ რაიონის მართვის. საზოგადოება უკვე მსჯელობს და თავის აზრსაც გამოხატავს თითოეულ მათგანზე, თითოეულის წარსულსა თუ დღევანდელობაზე, შესაძლებლობებზე, ზოგს მავანი მოსწონს, ზოგს ყვარყვარეობას უწუნებენ, ზოგს კი ქამელეონობას, ზოგს პატიოსან ადამიანად თვლიან, რამდენიმე ახალი სახის მიმართაც უჩნდებათ სიმპათია თუ ანტიპათია, ზოგიერთი ოპონენტი კი არჩევნების დემოკრატიულად თუ არა, ნორმალურად ჩატარებისათვის რამდენიმე ხელის შემშლელ ფაქტორს ასახელებს, რაც წინასაარჩევნო კამპანიისათვის ხელისუფლებისაგან ზეწოლით გამოიხატება და ნეგატიურ ფონს ქმნის არჩევნების ობიექტურად ჩატარებისათვის.

ბრძოლამ იმისათვის, თუ ვინ უნდა მოხვედრილიყო მმართველი გუნდიდან გამსვლელ ათეულში, იმდენად პარადოქსული ხასიათი მიიღო, ,,შინააშლილობამ” ისეთ პიკს მიაღწია, რომ უკვე ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, სოფლის ორღობეში, ქალაქის ცენტრში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუ ოფისებში არის ერთი დავიდარაბა, ყველგან ფურთხის, თეფშის თუ დედის ღირსების ტრიალია, სხვა პარტიები გარეგნულად მაინც თუ ინარჩუნებენ სიმშვიდეს, აქ თავიანთი ზღვარგადასული ქმედებით მრავალი მხარდამჭერი ხელიდან ეცლებათ, ისე მიუღებელი მეთოდებით ებრძვიან ერთმანეთს, თორემ არც არის გასაკვირი, მებრძოლთა ერთ ნაწილს პროტესტი რომ გაუჩნდა პარტიული სიის თუ მაჟორიტარ კანდიდატთა მიმართ.

პატივმოყვარეობისა და პირველობის დაუოკებელი სურვილის ულტიმატუმითა და მუშტი-კრივით დაოკება რომ დამღუპველია ორივე მხარისათვის ეს, როგორც ჩანს, არც ერთმა იცის და არც მეორემ, არც ის იციან, რომ დავას დიდი შინაგანი კულტურა სჭირდება, მისი გამომუშავება კი დამოკიდებულია შინაგან მოთხოვნილებაზე, რაც ან მშობლებმა უნდა გასწავლონ, ან კიდევ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლის მიმართ, როგორც ჩანს, მწყრალად არიან მავანნი. ეს ყოველდღიური დავა და მუშტი-კრივი კი მეტად მძიმე შთაბეჭდილებას უტოვებს ხალხს და უკარგავს იმის რწმენას, რომ ამ ადამიანებს ჭეშმარიტად საქმის კეთების სურვილი კი არ ამოძრავებთ, არამედ საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების სურვილი. სახელისუფლებო კულუარებში წინასაარჩევნო პერიოდს მუდამ დიდი ინტრიგა რომ ახლავს, ეს დღეს არავისთვის არის უცხო, მაგრამ რაც ჩვენთან ხდება დღისით თუ ღამით, ეს უკვე მეტისმეტია და არც არის გასაკვირი, ხალხმა რომ ზურგი შეაქციოს.
ერთმანეთს ებრძვიან ხელისუფლებაში მყოფნი თუ ხელისუფლებაში მოსვლის მსურველნი, იბრძვიან ყოფილი ნაციონალები თუ ნაციონალების ნარჩენები ოცნება-ნაციონალების მხარდასაჭერად და მიდის ინტრიგების ვირტუოზული ხლართვა.

უკვე ღიად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ვინც საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის ინტერესის სფეროს (ანუ კვლავ პირველ პირად) გადაკვეთას შეეცდება, ცდილობს გზიდან ყველა ხერხით ჩამოიშოროს, რადგან ერთი რამ კარგად იცის აუცილებელია გყავდეს ერთგული გუნდი ანუ ე.წ. ,,ისპალნიტელები”: ამიტომაც იცილებენ ყველას, ვინც წინ ეღობებათ, ან იმ ადამიანებს, ვისაც იდეაში მაინც აქვთ შანსი არჩევნებში გამარჯვების, მაგრამ მმართველ გუნდში არ არის, ზოგს მუქარით, ზოგს დაშინებით, ზოგს სამსახურის დაპირებით, ზოგს კიდევ დაჭერით ემუქრებიან, ამიტომაც არის, რომ პანტა-პუნტად ეცლებიან საარჩევნო მარათონს კანდიდატები, თუმცა თავმოხსნილები ,,პოსლეზე” ანგარიშობენ, ანუ, როგორც ამბობენ, მათ ღირებულ სავარძლებს ჰპირდებიან სამომავლოდ და ეს ბუნებრივიცაა, ყველა ,,ანგარიშგასაწევ” ფიგურას სურს ჰყავდეს ,,თავისი კაცი” საკრებულოში, აქ მოხვედრილი კი, თავისთავად, ანგარიშვალდებული იქნება ,,დამკვეთთან” და ნებისმიერი დაკვეთის შესრულებას მოსთხოვენ. თუმცა, თუ საკრებულოში არ იყვნენ სანდონი, რატომ ჰგონიათ, რომ მორჩილი ,,ისპალნიტელები” შემდგომშიც მორჩილი იქნებიან, რამდენადაც, როგორც ჩანს, საკრებულო მეტად ჭრელი იქნება და ვერავინ გათვლის, ვინ ვისი კაცი იქნება.

მოსახლეობის უმრავლესობა კი, ვისი მხარდაჭერითაც ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას, წლებია სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება, თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახს, რომელსაც მეხუთე შვილის შეძენისას კომპანია ,,ავერსმა” მინიმალური საჩუქრით დაასაჩუქრა, სოციალური დახმარება მოუხსნეს. _ ეს ერთი მაგალითია.
როცა უკვე ხალხს მოთმინების ფიალა აევსო, უკეთესის იმედით, რევოლუცია მოახდინა და უარი უთხრა ,,მოქალაქეთა კავშირს”. თუმცა მმართველმა პარტიამ სახელი შეიცვალა და ,,ნაციონალური მოძრაობა” დაირქვა, ხალხისთვის კი არაფერი შეცვლილა, ქვეყანა ,,მოქალაქეთა კავშირიდან” გადმოპორტირებულ მმართველებს შერჩა ხელთ, უფრო მეტი სიღატაკეში მოექცა, იმატა უმუშევრობამ, ხალხი სრულმა უიმედობამ მოიცვა, იმატა მიგრაციამ სამუშაოს საძებნელად, უფრო დამძიმდა სოციალური ფონი. ასეთ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილმა, თითქოს, სულზე მოუსწრო ხალხს და ,,ნაციონალური მოძრაობა” ,,ქართული ოცნებით” შეცვალა, თუმცა ხალხისთვის ოცნება ისევ ოცნებად დარჩა, ანუ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ხალხის ცხოვრება უკეთესი იყოს, თუმცა ხალხმა კარგა ხანია იცის, რომ აღარ უნდა იყოს ისე, როგორც წლებია იყო, არც არავინ ეუბნება ვინმეს, უკეთესად როგორ უნდა იყოს. არც ხალხი აინტერესებს ვინმეს და არც ხალხის აზრი, მაგრამ უბედურება ისაა, რომ საკუთარი აზრის დაფასების სურვილი არც ხალხს აქვს. მას სურს დაიჯეროს იმ აუხდენელი ოცნების, კოშკებს რომ აუშენებენ, სადაც თვითონ იცხოვრებენ, ექნებათ ყველა სიკეთე და დარეჯან და ლუარსაბივით, მხოლოდ ბუზებს დაითვლიან, ჩიხირთმა და ბოზბაში კი თავისით მოვა, კანდიდატები კი იმდენ სიკეთეს გვპირდებიან, რომლის შესრულებაც არათუ ერთი პატარა პროვინციული მუნიციპალიტეტის, თვით პარლამენტის დეპუტატებსაც არ ძალუძთ. ყოველივე ამისგან კი ხალხი დაიღალა, ხალხი ისეა დაბნეული, რომ ვერ ხვდებიან, როდის ცრუობენ ეს ადამიანები ,,მოქალაქეთა კავშირიდან” დღემდე, რომელ პარტიაში პორტირებისას.

მმართველი გუნდის თუ სხვა პარტიების მიერ წარმოდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა ერთი, ზოგმა ორიც, საარჩევნო პერიოდი მოილიეს, თუმცა რა გააკეთეს, სოფლისთვის, ხალხისთვის, ეს არც სოფელმა იცის და არც ხალხმა, თუმცა ამ გაოცნებებულმა ნაცებმა ისე გემრიელად და უტიფრად შეინარჩუნეს და შეირგეს ყველა ტიტულები და სამსახურები, არც არის გასაკვირი, ისევ რომ უნდოდეთ ცხოვრების ,,გაგემრიელება”.

ამიტომაც, მოსახლეობა კარგად უნდა დაფიქრდეს, ვის მისცემს ხმას, ღრმად გააანალიზოს განვლილი მოვლენები და ხმა მისცეს იმ კანდიდატს, ვინც პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სიბინძურეში არ არის გასვრილი, არ უნდა ენდოს მედროვე ვაიპატრიოტს, შემოსავლის წყაროდ რომ უქცევია თანამდებობა. უკვე წლებია, ხალხი ვერ გაერკვა _ ქათამია ხელისუფალი თუ ბიზნესია კვერცხი, ანუ ბიზნესი, რომელიც ერწყმის ხელისუფალს თუ ხელისუფალი, რომელიც წარმართავს ბიზნესს ანუ ხელისუფლებიდან ტენდერამდე თუ ტენდერიდან ხელისუფლებამდე. წინა ხელისუფლების დროსაც იგებოდა ასფალტი, შენდებოდა ხიდები, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა და არა რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტის დამსახურება. მაშინ სხვა ადამიანები იმარჯვებდნენ ტენდერში, დღესაც იგივე სამუშაოები სრულდება, ოღონდ სხვები ასრულებენ ამ სამუშაოებს, შესრულებული სამუშაოების ხარისხი კი ერთი და იგივეა, ანუ უხარისხო, უფრო უარესი, თუ გნებავთ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დაწყებული სამუშაოები დღესაც არ არის დასრულებული, რატომღაც წვიმიან ამინდში იგება ასფალტი, დიდი პროფესიონალიზმი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ასე დაგებული ასფალტი მალევე გაფუჭდება, ისე, იმასაც ამბობენ წისქვილში, სამუშაოების შემსრულებელი ფირმა მზიან ამინდში სხვაგან, ანუ უფრო ანგარიშგასაწევ რაიონში აწარმოებსო სამუშაოს, აქ ისე, სხვათა შორის, კუთხურად რომ ვთქვათ, ,,ელეკეთუანცია” საქმეს, ვერ შეედავები.

დეპუტატის რანგში ყოფნა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა, ის იმ თემის წარმომადგენელია, რომელსაც ის ირჩევს და მისგან დიდ ინიციატივას და აქტიურობას მოითხოვს, ის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა საჭირბოროტო საქმის კურსში უნდა იყოს და მის გადასაწყვეტად უნდა ზრუნავდეს, რისთვისაც საჭიროა საქმის ცოდნა, მასში ჩაღრმავება, ობიექტური ანალიზი და გარკვევა. ახლა ჩვენ ვეკითხებით ამომრჩეველსაც და ასარჩევსაც, რომელ ერთ მათგანს (მცირე გამონაკლისის გარდა) ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნისას და აქვს ყოველი ეს თვისება?!

თვითმმართველობის აპარატში პროფესიონალები უნდა იყვნენ, რომელთა ძირითადი დანიშნულებაა მმართველობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა და მისი ცხოვრებაში გამოყენება, ის შემოქმედებითი საქმიანობაა, რაც ადამიანის ნიჭსა და უნარზეა დამოკიდებული და ორგანიზატორული ხელმძღვანელობის უნარსა და ფართო გააზრების შესაძლებლობას ეყრდნობა.

ძვირფასო ამომრჩევლებო, ხმა მიეცით იმ კანდიდატს და იმ პარტიას, ვისაც ფიქრობთ, რომ სწორედ ეს თვისებები გააჩნია, შეგახსენებთ პასკალის სიტყვებს: ,,საკმარისია საფრანგეთი სამასმა ინტელექტუალმა დატოვოს და ის იდიოტების ქვეყნად გადაიქცევა”. ახლა სიტყვა თქვენზეა, თქვენს გონიერებაზეა დამოკიდებული, რომ იდიოტების საკრებულო არ მივიღოთ.

გრიგოლ რობაქიძე წერდა: _ ,,საბჭოეთში ჰგონიათ, რომ თითქოს მე ,,მეორე” ნაპირას ვიდგე. არაა მართალი. მე ვდგავარ მესამე ნაპირზე _ მდინარეს ასეთი ნაპირიც აქვს. ვინც ამ ნაპირზე არა დგას, ვერც მოაზროვნედ გამოდგება და ვერც ხელოვნად”. _ ,,ეგრისი” ყოველთვის მდინარის მესამე ნაპირზე იდგა, იმ ნაპირზე, სადაც მუდმივად აცნობიერებდა რეალობას და მკითხველამდე მიჰქონდა, ამ პუბლიკაციითაც მესამე ნაპირზე დავდექით, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, უფრო მეტი თანადგომა, უფრო მეტი საქმის კეთება მოვთხოვოთ იმ პარტიას, როემლსაც ხალხი ენდო და ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. სხვა მიზანი ნამდვილად რომ არ გვქონია.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიერთ დღეს შეიძლება აღმოაჩინოთ რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობთ, სხვის საკუთრებაშია
შემდეგი სტატიაბერდია კალანდია:”ბატონებო, “გაიღვიძეთ უკვე დეპოში ვართ!”