რას უმხელს “ალიას” პოსტიდან გადამდგარი “ოცნების” რაიონული თავმჯდომარე…

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 29, 2014 10:26

რას უმხელს “ალიას” პოსტიდან გადამდგარი “ოცნების” რაიონული თავმჯდომარე…

"თაიმერის" გენერალური დირექტორი კვლავ პროკურატურაშია დაბარებულიკოალიცია “ქართული ოცნების” კოჰაბიტაცია ყოფილ მმართველ გუნდთან იმით დასრულდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნიდან წელიწად-ნახევარში, თანაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, მათ რიგებს აქტივისტები და ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ტოვებენ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” სენაკის რაიონული ორგანიზაცია ცხრა წევრმა დატოვა, რადგან “ოცნება” ყოფილი “ნაციონალებით” ივსებაო. “ალიასთან” საუბრისას კი წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ბერდია კალანდია პარტიიდან 20-მდე აქტივისტის წასვლას აანონსებს. კალანდიამაც წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც რეგიონული ორგანიზაციის რიგები ყოფილი “ნაციონალებით” გაივსო.

“ალიას” ბერდია კალანდია ესაუბრება:

– დაკავებული თანამდებობიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი ის არის, რომ ვაპროტესტებთ გოგა გულორდავას დანიშვნას პარტიის თავმჯდომარედ, ვინაიდან გულორდავა 2011-2012 წლებში არ იყო ჩვენს გვერდით. გვაქვს ინფორმაცია, რომ ის იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი. გარდა ამისა, მას ლობირებდნენ სამეგრელოს რეგიონის სამსახურის უფროსი გაიოზ მონიავა, ასევე რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელი მალხაზ მჭედლიშვილი და მისი მოადგილე ლაშა სამხარაძე. გოგა გულორდავამ და წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანიამ დაკარგეს კომუნიკაცია წალენჯიხელებთან, არაფრად აგდებენ იმ ხალხის ინტერესებს, ვინც იბრძოდა 2012 წელს “ნაციონალების” წინააღმდეგ.
– ამ პრობლემებისა და წალენჯიხელების პრეტენზიების შესახებ ჩააყენეთ საქმის კურსში “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისი?
– რა თქმა უნდა, მალხაზ მჭედლიშვილს არაერთხელ გავუგზავნე წერილი და საქმის კურსში ჩავაყენე წალენჯიხაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. საქმის კურსში ჩავაყენე ასევე სამეგრელოს რეგიონის სამსახურის უფროსი გაიოზ მონიავა. სამწუხაროდ, რეაქცია საერთოდ არ იყო. მეუბნებოდნენ დაწყნარდი, დამშვიდდი, არანაირი განცხადება არ გააკეთო, “ფეისბუკი” დახურეო. რატომ უნდა დამეხურა “ფეისბუკზე” ჩემი გვერდი, ვერ ვხდები. მათგან არანაირი მითითება არ იყო, რა უნდა გამეკეთებინა? ხალხი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ჩემთან მოდიოდა, მეუბნებოდა, რატომ არ ხდება “ქართული ოცნების” წევრების დასაქმება, რატომ არის იგნორი, რატომ ხდება “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების მოსვლა ჩვენთან და მათი დასაქმება? მე ამ კითხვებზე პასუხები არ მქონდა.
– ანუ პრობლემებზე საუბრობდით და “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი პირები გაჩუმებას გთხოვდნენ?
– ასე გამოდის, როცა გეუბნებიან, განცხადება არ გააკეთო და სოციალურ ქსელში არ იაქტიუროო. არაერთხელ მივწერე ცენტრალურ ოფისს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ერთ ფაქტს მოგიყვებით, ანალოგიური სახის პრობლემა იყო, მოქალაქეები ითხოვდნენ დასაქმებას და აპროტესტებდნენ “ნაციონალების” დაწინაურებას. შევედი გამგებელ გულორდავასთან, სადაც იმყოფებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბელქანიაც. როდესაც ხალხის პრობლემა ვუთხარი, ბელქანიამ მითხრა, მე რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ ვიყო….იყო შემთხვევა, როდესაც ბელქანიამ “ოცნების” აქტივისტი ოთახიდან გააგდო. ასეთ რეჟიმში, ბუნებრივია, ჩემთვის მუშაობა არ იყო კომფორტული, მით უფრო რომ ყურს არავინ მიგდებდა ცენტრალური ოფისიდან. კონკრეტულ ფაქტს გეუბნებით, სოფელ ლიაში ბელქანიამ ინტრიგანები უწოდა “ქართული ოცნების” აქტივისტებს. იცით, რატომ არის საზოგადოების უკმაყოფილება ბელქანიას მიმართ? 2012 წელს არჩევნების წინა დღეს ბელქანიამ, მე და კიდევ ოთხმა ადამიანმა ვნახეთ მაშინდელ უშიშროების სამსახურის უფროსთან. ბელქანია მაშინ იყო ზონის კოორდინატორი და, უბრალოდ, კითხვა მქონდა და ახლაც მაქვს ეს შეკითხვა, რატომ შეხვდა უშიშროების რეგიონალური სამსახურის მაშინდელ უფროსს ზაალ ღურწკაიას? ხმამაღლა დავსვი ეს შეკითხვა, პასუხი, რა თქმა უნდა, ვერ მივიღე.
– რის თქმა გინდათ, “წალენჯიხაში ქართული ოცნების” წევრები “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობენ?
– ასე კი არ გამოდის, მე ვადასტურებ ამ ფაქტს. ფრაქცია “ქართულ ოცნებაში”, რომელიც წალენჯიხის საკრებულოში შეიქმნა, პრაქტიკულად ნახევარზე მეტი “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. მაგალითად, ანზორ ფიფია, გამგებლის მოადგილეა და იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი. მამამისის ოფისში იყო განთავსებული “ნაციონალების” რეგიონალური ორგანიზაციის ოფისი, ეს ყველამ იცის.
– რომელიმე სხვა პარტიაში ხომ არ გადასულხართ?
– არა, არსად არ გადავსულვარ. ეს არის ჩემს ცხოვრებაში შავი ლაქა, რომ მე ვიყავი “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. დავუბრუნდები ჟურნალისტიკას და გავაკონტროლებ ამ რეგიონში ხელისუფლებას. პოლიტიკურ პარტიაში არსად არ ვაპირებ გაწევრიანებას. ჩემს ადგილას კი დანიშნეს მოქმედი გამგებელი გოგა გულორდავა.

“ალია” სამეგრელოს რეგიონის სამსახურის უფროსს, გაიოზ მონიავას დაუკავშირდა:
– მე არავის ჩავუყენებივარ არაფრის საქმის კურსში. სრული სიცრუეა, რასაც თქვენ მეუბნებით. არ მაინტერესებს, ბერდია კალანდია რას ამბობს.
– დავით ბელქანიასა და გოგა გულორდავას იცნობთ? წალენჯიხელები მათ “ნაციონალებთან” თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. 
– გოგა გულორდავა წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. რაც შეეხება მათ თანამშრომლობას ვინმესთან, ეს არის ტყუილი.

“ალია” ცდილობდა, რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელთან მალხაზ მჭედლიშვილთან დაკავშირებასაც, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

გაზეთი “ალია”, შორენა გოგოლაძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 29, 2014 10:26

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics