ექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: გუშინ საღამოსვე უკვე შეძლო, რომ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გაევლო დერეფანში

ექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ელენე გიორგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დაწესებულ პროგრამას მიყვებიან. ექიმი ამბობს, რომ პაციენტის ორგანიზმი ამის საშუალებას იძლევა და ნელ-ნელა მდგომარეობა უმჯობესდება.

„რამდენი დრო დაგვჭირდება, ნამდვილად არ ვიცით. ყოველდღიურად ამიტომაც მოვდივართ, რომ პირველ რიგში ანალიზებსაც მახვედრებენ, მერე ვაფასებთ მის მდგომარეობას და ისევ ვგეგმავთ საღამოს, მერე დღეს, დილას. ასევე გეტყვით, რომ გუშინ, ამდენი ხნის შიმშილის შემდეგ, ადინამიის შემდეგ, იცით, რომ არ მოძრაობდა, პირველი მცდელობა გვქონდა დილით ჯერ, რომ გაგვევლო დერეფანში. მაშინ ცოტა გაუჭირდა, მაგრამ როგორც მორიგე ექიმმა და თვითონ პაციენტმაც მითხრეს, გუშინ საღამოსვე უკვე შეძლო, რომ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გაევლო დერეფანში. ნელ-ნელა ამ ფიზიკურ დატვირთვასაც დავუმატებთ, მაგრამ ეს მოხდება ყველაფერი კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ექიმმა.

ელენე გიორგაძე ამბობს, რომ დღეს სააკაშვილს გაუკეთდა კარდიოგრამა, ექოსკოპიები და ყოველდღე ყველაფერი მოწმდება.

ამასთან, გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა სააკაშვილის ვიზიტორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი გლდანის საპყრობილეში უკეთ იყო და ახლა სუსტადაა.

„ჩვენ, ვინც ვართ კონსილიუმი, პირველი დღიდან ვმართავთ ამ პაციენტს, როცა იყო მე-12 დაწესებულებაში. ამიტომ, იქ ყველაფერი ვიცოდი, ანალიზებიც მეჭირა ხელში, მისი მდგომარეობაც კარგად ვიცოდი. როცა გადაიყვანეს მე-18-ში პაციენტმა გამოაცხადა, როგორც სამედიცინო დახმარებაზე უარი, ისე ანალიზებზე. ამიტომ მე-18-ზე ვინც არ უნდა გამოვიდეს, ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს ყველას მიმართ მაგრამ, მე ვერასდროს ვერ შევაფასებ ვერც ერთ პაციენტს, თუ პირადად თვითონ არ ვნახულობ იმ მომენტში მის კლინიკას და არ მიჭირავს ხელში მისი ანალიზები. ჩვენ პაციენტი ვნახეთ მხოლოდ იმ დღეს, როცა გადმოგვყავდა აქ, რადგან დილით ვიყავით მისული იქ და შუადღეს ვთქვით, რომ სასწრაფოდ უნდა გადმოვიდეთ უკვე აქ, საავადმყოფოში. იმის შემდეგ, შაბათიდან მე ყოველდღე აქ ვარ. ამიტომ, მე შემიძლია, გესაუბროთ, რაც ხდება დღესდღეობით“, – აღნიშნა ელენე გიორგაძემ.

წინა სტატიაშისამხარაძე: რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არის ოპოზიციის ახირება
შემდეგი სტატიაგაბუნია: მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პასუხი და მაკონტროლებელი ღონისძიებები საკმარისი არ არის