გაბუნია: მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პასუხი და მაკონტროლებელი ღონისძიებები საკმარისი არ არის

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მექანიზმი, რომელიც დღეს მეცნიერებისთვის და მედიცინისთვის ცნობილია ჯანდაცვის სისტემის მხარეს ეპიდემიაზე პასუხისთვის, სრული მასშტაბით გამოიყენება, – ამის ესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის მართვის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პასუხისმგებლობა ეკისრებათ მოქალაქეებსაც, რათა რეგულაციები სათანადოდ დაიცვან. საკითხზე საუბრისას გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში დღესდღეობით პირბადის ტარების მაჩვენებელი 28 პროცენტზეა, რაც საკმარისი არ არის.

„რაც შეეხება პანდემიის მართვას, ბუნებრივია, მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პასუხი და თუნდაც მაკონტროლებელ ღონისძიებებზე ზემოქმედება, მაკონტროლებელი ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ვირუსის უკონტროლო გავრცელება, რაც ბოლო პერიოდში გვქონდა. დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი არის 28 პროცენტი, მობილობა ჩვეულებრივთან შეადრებით, გაზრდილია ორი პროცენტით, რაც პირდაპირ კვებავს ეპიდემიას. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის მზაობა, ბუნებრივია, სრული კონტროლის შესაძლებლობას არ მოგვცემს. ისევ უნდა დავუბრუნდეთ იმას, რომ ზომები, რაც ჩვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივი ძალისხმევით აღსრულდეს და დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ კონტროლირებად სიტუაციას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაზრდილია მობილობა, რაც ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მხოლოდ მაკონტროლებელი ღონისძიებები ვერ გამოიღებს შედეგს, თუ მოქალაქეებმაც თავისი წილი პასუხისმგებლობა არ გაიაზრეს.

banner
წინა სტატიაშიექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: გუშინ საღამოსვე უკვე შეძლო, რომ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გაევლო დერეფანში
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ამაყი ვარ იმით, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური მუშაობა თბილისს დაეტყო