ექიმი მალხაზ ჯალაღონია მოშიმშილეთა სოლიდარობის აქციას უერთდება და თავადაც იწყებს შიმშილობას

ექიმი მალხაზ ჯალაღონია მოშიმშილეთა სოლიდარობის აქციას უერთდება და თავადაც იწყებს შიმშილობას. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართა:

“ქალბატონო სალომე, გულწრფელად გეტყვით, მე თქვენ არ ამირჩევიხართ საქართველოს პრეზიდენტად, მაგრამ თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი, თქვენ ხართ ჩემი პრეზიდენტი და გთხოვთ, შეიწყალეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ვიცი, თქვენ ორჯერ ბრძანეთ – “არა და არასოდეს”. ძალიან კარგად ვიცი, რომ როგორც ვაჟკაცისთვის, ასევე ქალბატონისგანაც ძალიან ძნელია სიტყვის გადათქმა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ თუ თქვენ შეიწყალებთ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს არც ერთი პატრიოტი არ დაიწყებს ქილიკს თქვენს სისუსტეზე და მე არ მაინტერესებს რას იტყვიან ქვეყნის ორგულები და მტრები და მე იმედი მაქვს, რომ არც თქვენ დაგაინტერესებთ რას იტყვიან ისინი.

ქალბატონო სალომე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯოხის ერთი აქნევით, თქვენ შეგიძლიათ ქვეყანა გადაარჩინოთ კიდევ ერთ ქაოსს.

ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში, ნეგატიური დამოკიდებულება არის შიმშილობისადმი, მაგრამ მე სხვანაირი ფორმა ვერ მოვიფიქრე და გულწრფელად გეტყვით, რომ მინდა ჩემი შიმშილობით მივიქციო თქვენი ყურადღება და რაღაცნაირად, მცირე წონა მაინც შევძინო ჩემს თხოვნას” აცხადებს მალხაზ ჯალაღონია.

banner
წინა სტატიაში„ფეშენ ნაროდი“ რატომ ყვირის ჰარიქა, მგზავრობა გაძვირდაო?!
შემდეგი სტატიაკობახიძე: სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას