”ენმ” ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური” – რატიანის წერილი

“ენმ”-ს ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური – ნათქვამია წერილში, რომელის პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს გაუგზავნა. რატიანი წერს, რომ ყრილობის საორგანიზაციო პროცესი წესების დარღვევით მიმდინარეობს:

“2016 წლის 30 ნოემბერს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2017 წლის 20 იანვარს პარტიის ყრილობის გამართვის თაობაზე. ყრილობის ორგანიზებისთვის პოლიტიკურ საბჭოს უნდა განესაზღვრა სპეციალური კომისიის შემადგენლობა, რაც არ მომხდარა, შესაბამისად, ყრილობის ორგანიზება შევიდა იურიდიულ ჩიხში. ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტიის რაიონული ორგანიზაციების ზოგიერთი თავმჯდომარე აპირებს დელეგატთა შესარჩევად კონფერენციების მოწვევას, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ კონფერენციის ჩატარების წესი არ არის განსაზღვრული პარტიის წესდებით, აგრეთვე პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც უნდა გაწერილიყო კონფერენციების ორგანიზების წესი – არ შედგა, შესაბამისად, არალეგიტიმურად ჩატარებული კონფერენცია არ იქნება უფლებამოსილი და იურიდიული ძალის მქონე. კონფერენციების გარდა, სამართლებრივად აგრეთვე დაურეგულირებელია, თუ როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი და როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყრილობის საორგანიზაციო მთელი პროცესი მიმდინარეობს წესების დარღვევით, შესაბამისად, ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური და მას ვერ ექნება პარტიისთვის სამართლებრივი შედეგები”, – ნათქვამია სერგო რატიანის წერილში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს – „ის ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითი“
შემდეგი სტატიაშსს-მ ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა, ერთი კი – პასუხისგებაში მისცა