ენერგოომბუდსმენი „ყაზტრანსგაზისგან“ ახსნა-განმარტებას ითხოვს

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა ენერგოომბუდსმენმა​ დაიწყო და ახსნა-განმარტებას კომპანია „ყაზტრანსგაზისგან“ მოითხოვს.

„პირველადი სავარაუდო დასკვნის თანახმად, ბუნებრივი გაზის გაჟონვა და დაგროვება საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მოხდა, სადაც ოჯახის წევრები და მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. ენერგოომბუდსმენი ახსნა-განმარტებას შპს ,,ყასტრანსგაზისგან” მოითხოვს. თანმიმდევრულად იქნება შესწავლილი კორპუსის ბუნებრივი გაზის ქსელზე დაერთების პროცედურები. ენერგოომბუდსმენის ინტერესს აგრეთვე წარმოადგენს, რატომ ვერ აღმოაჩინა გაჟონვის ადგილი შემოწმებაზე მისულმა ტექნიკოსმა. სავარაუდოდ იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი, რომელსაც იმედია, პასუხი გაეცემა საგამოძიებო უწყების მხრიდან“, – ნათქვამია ენეროომბუდსმენის განცხადებაში.

ენერგოომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის კუთხით არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს.

„ამავდროულად, აუცილებლად მიგვაჩნია, შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის რეგულირება. მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით, არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, ვინაიდან ის არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ის ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარმოუდგინა. ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო. ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგედიები ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად. ენერგოომბუდსმენის მიერ საჭირო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, შესაძლებელი გახდება საკითხის ანალიზირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდაზარალებულები, ვინც მერიას მიმართა, დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფილია- ელოშვილი
შემდეგი სტატიააფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გააგრძელებს- კონსილიუმი იაშვილში