ელისაშვილი: პოზნერმა საქართველო რამდენჯერმე აბუჩად აიგდო, დიახ, ასეთ ადამიანებს საქართველოში შემოსვლა უნდა ეკრძალებოდეთ

პოზნერმა საქართველო რამდენჯერმე აბუჩად აიგდო, დიახ, ასეთ ადამიანებს საქართველოში შემოსვლა უნდა ეკრძალებოდეთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც გავლენიანი და ცნობადი ადამიანები საქართველოს აბუჩად იგდებენ და სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, მათ ქვეყანაში შემოსვლა უნდა ეკრძალებოდეთ.

„საქართველოში შემოსვლა იმ ადამიანებს უნდა ეკრძალებოდეთ, ვინც ქართულ სახელმწიფოს აბუჩად იგდებს და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს. მთავარი კრიტერიუმი ეს უნდა იყოს და არა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადება. საქართველოში ვინმეს შემოსვლა-არშემოსვლა მამუკა მდინარაძის გემოვნებით კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ მკაფიო კრიტერიუმები უნდა იყოს. კრიტერიუმი უნდა იყოს თუკი ვინმე ქართულ სახელმწიფოს აბუჩად იგდებს და ამ შემთხვევაში, პოზნერმა ქართული სახელმწიფო რამდენჯერმე აბუჩად აიგდო. მან თქვა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, რუსული ტანკები დაიძრნენ და სინანული გამოთქვა, რომ შუა გზაში რატომღაც გაჩერდნენ და თბილისამდე არ მოვიდნენ. ეს არის აბუჩად აგდება. მიმაჩნია, რომ დიახ, ასეთ ადამიანებს საქართველოში შემოსვლა უნდა ეკრძალებოდეთ.

სახელმწიფო ვერაფრით გაიგებს, რუსი ტურისტი სადღაც სამზარეულოში რას ლაპარაკობს საქართველოზე, მაგრამ როცა პოზნერის მსგავსი გავლენიანი ადამიანი სახელმწიფოს აბუჩად იგდებს, შემდეგ ქართული სახელმწიფო მას საზღვრის, რესტორნისა და სასტუმროს კარს არ უნდა უღებდეს. ზოგადად, ვისი შემოსვლა შეიძლება და ვისი არა, ამის გაწერა შეიძლება. კონკრეტული ადამიანების „ნონგრანტად“ გამოცხადების წესი არის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონმა დღეს შეხვედრები გამართა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან, ასევე ყოფილ დეპუტატ თამარ ხულორდავასთან
შემდეგი სტატიაჟიგიმანტას პავილიონისი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს პასუხობს